ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა კანონი დაარღვია – ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ავრცელებს.
PHR – ის ცნობით, სოციალურმა მუშაკმა ნეკა დოროყაშვილს მუქარის ფაქტზე პოლიციისადმი მიმართვა გადააფიქრებინა, ამის ნაცვლად კი ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი, მისი ხელმოწერით ჩოგბურთის ბურთის გადაცემა, სთხოვა.
“2020 წლის 16 მაისს ნელი დოროყაშვილმა სოციალურ მუშაკს შეატყობინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაემუქრა. იგი იყო შეშინებული და აპირებდა პოლიციისთვის მიემართა.
“სოციალური მუშაობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები პირის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად. ნაცვლად ამისა, საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა ნელი დოროყაშვილს გადააფიქრებინა მუქარის ფაქტზე პოლიციისადმი მიმართვა.
2020 წლის 21 მაისს ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განმეორდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. სწორედ განმეორებით ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებულად ცნეს ოჯახში ძალადობის 5 ეპიზოდზე.
რა მოხდა?
2021 წლის ივლისში ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა სამართლებრივ დავაში მტკიცებულებად წარმოადგინეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ზემოხსენებული სოციალური მუშაკის 2020 წლის 21 მაისამდე მიმოწერა. მიმოწერაში ვკითხულობთ, რომ დავაში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი სთხოვა: მისი ხელმოწერით ჩოგბურთის ბურთის გადაცემა.
რა დაარღვია სოციალურმა მუშაკმა?
“სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით.
დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით. სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა, ამავე კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე იწვევს სოციალური მუშაკისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. PHR-ის წარმომადგენლებმა (ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა) განცხადებით მიმართეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და მოითხოვეს სოციალური მუშაკის ქცევის შესწავლა და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან PHR -ს აცნობეს, რომ სააგენტომ განიხილა განცხადება. მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ სოციალურმა მუშაკმა დაარღვია კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რის გამოც დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დადგინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.