კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც “ფაიზერის ” მიერაა წარმოებული საქართველოშიც შემოვა. დღეს ამაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუმცა თამარ გაბუნიას არ დაუზუსტებია თარიღები.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კი ამბობს, რომ საქართველო იქნება “ერთ-ერთი პირველი ქვეყანა”, რომელიც ფაიზერის მიერ წარმოებულ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატ პაქსლოვიდს მიიღებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ “არის იმედი”, ეს მარტში მოხდეს.
“პაქსლოვიდზე ნადირობს მთელი მსოფლიო. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მწარმოებელთან, არის წინაპირობები ამისი, წინასწარი მონაცემები. არის იმედები, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, არა მთლად პირველი, რომელიც პაქსლოვიდს მიიღებს”, – ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, მიიღებს თუ არა ქვეყანა პრეპარატს მარტში, ცერცვაძემ დაამატა, რომ “დიახ, არის იმედები”.