ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, ძალიან პოპულარული გახდა ხის სათამაშოები. იმის გამო, რომ მათ უდიდეს ნაწილს განმავითარებელი ფუნქცია აქვს, ამასთან, ისინი ეკომეგობრულია, მშობლები არჩევანს სწორედ მათზე აკეთებენ. თუმცა, არის დეტალები, რაც ხის სათამაშოების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ.
„თბილისი თაიმსი“ ხის სათამაშოების ერთერთ მწარმოებელს, „ეკო ბუნაგს“ დაუკავშირდა. მისი დამფუძნებელი ნიკა გელაშვილია, ხოლო თანადამფუძნებელი – თამარ სისაური. ჩვენს შეკითხვებს ნიკა გელაშვილი პასუხობს.
რამდენი ხანია რაც ხის სათამაშოებს აწარმოებთ?
„ეკო ბუნაგმა“ არსებობა 2017 წლიდან დაიწყო, ოჯახში ახალი, პატარა ადამიანის მოლოდინის პერიოდში. თავდაპირველად, ჩვენი დამზადებული ნივთების ძირითად ნაწილს სკანდინავიური სტილის, საბავშვო ავეჯი და დეკორაცია წარმოადგენდა, რომელიც ძირითადად მონტესორის პრინციპებზე იყო აგებული. 2 წლის წინ პირველად ვცადეთ, მომხმარებლისთვის ასევე ხის სათამაშოებიც შეგვეთავაზებინა, რამაც იმაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვიდრე წარმოგვედგინა, თუმცა, მოგვიწია – მალევე შეგვეჩერებინა სათამაშოების დამზადება გარკვეული მიზეზების გამო. ამ გამოცდილებამ მოგვცა სტიმული, ისევ დავბრუნებოდით ამ თემას და უკვე 5 თვეა, აქტიურად გადავერთეთ ხის განმავითარებელი და სრულიად ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებაზე.
საინტერესოა, რამდენად დიდი მომხმარებლის ინტერესი მათ მიმართ?
პირველ ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ სასიხარულოა დიდი ბოლო დროს დიდი ინტერესი თემაზე, სათამაშოების უსაფრთხო შემადგენლობასა და მათგან გამოწვეულ ზოგად საფრთხეებზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არსებობს სრულიად სერტიფიცირებული სხვა მასალები სათამაშოებისთვის და თან ყველაფერი მასიური ხის ვერ იქნება, თუმცა, ბოლო პერიოდში ხის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და მშობლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, შესთავაზონ პატარებს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა, აქვე დავამატებდი და ვურჩევდი მშობლებსაც იმას, რომ მხოლოდ ხე არ ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოს, მთავარია – რიტ არის დაფარული ეს ხე. მაგალითად, ხშირად, როცა ე.წ ხის ფანერაა გამოყენებული, მთავარია – არის თუ არა ეს მასალა განკუთვნილი უშუალოდ სათამაშოებისთვის…
როგორ შეაფასებთ ხის სათამაშოების როლს, საჭიროებას პატარების ყოველდღიურობაში?
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოს აუცილებლობაზე ძალიან ბევრი შემიძლია, ვისაუბრო, თუმცა, არის ერთი პრობლემა, მათი ღირებულება და ადამიანების შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია – ‘’სათამაშო ყველა ბავშვს’’ და მაქსიმალურად ვცდილობთ, მივყვეთ ამ იდეას ადეკვატური ფასიდან და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამის დარეგულირება ძალიან კარგად შევძელით. ყველა მშობლის მთავარი საზრუნავი საკუთარი შვილის ჯანმრთელობა და სწორად განვითარებაა, ამიტომ შევარჩიეთ ხე და ეკოლოგიურად სუფთა საღებავი, თვითონ სათამაშოებიც მონტესორის სწავლების პრინციპებს დავუკავშირეთ, რამაც საბოლოოდ ძალიან ბევრი კმაყოფილი მშობელი და ბავშვი გაგვაცნო.
რამდენად დიდია ამ მხრივ კონკურენცია ქართულ ბაზარზე?
საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეალური კონკურენციაა ამ სფეროში, თუმცა, წარმოებული პროდუქტის განსხვავებულობიდან გამომდინარე, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ზოგადად, ხეზე მომუშავე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა დურგლები ძალიან ცოტაა. ამიტომ, თითქმის ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ვისურვებდი, რომ საქართველოში უკეთესად განვითარებულიყო ეს თემა და საქმიანობა, თუნდაც, კონკურენციის ხარჯზე, რადგან ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ხშირად და, სამწუხაროდ, სწორედაც რომ ყოველდღიურ ნივთებთან შეხება განაპირობებს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ