საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოების წინაშე მორიგი ინიციატივით წარდგა – „მშენებლობა განვადებით“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი სამშენებლო ბიზნესს უკვე შეხვდა.
რა სარგებელს მოიტანს აღნიშნული ინიციატივა და რა პროცესებს შეუწყობს ის ხელს – ამის შესახებ „თბილისი თაიმსთან“ კომენტარი ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, იოსებ არჩვაძემ გააკეთა.
„მშენებლობებში გატარებული ღონისძიებებისა და საკრედიტო რესურსებისადმი წვდომის დატვირთვას ის დანიშნულება აქვს, რომ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოსახლეობის მიერ გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებისთვის სახსრების მოძიებას და, მეორე მხრივ, გარკვეული გარანტიები ჰქონდეს საკრედიტო დაწესებულებებს გაცემული კრედიტების დროულად დაბრუნების მხრივ.
ეს იმისთვის, რომ არ დაზარალდეს არცერთი მხარე – არც მშენებელი, არც საკრედიტო დაწესებულება და არც მოსახლეობა. ასევე, არსებული რესურსების რაც შეიძლება სწრაფი და ნაკლებრისკიანი ბრუნვადობის უზრუნველყოფისთვის. სწორედ ამას ემსახურება ეს ინიციატივა“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ