პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ აცრას, მათ შორის, ბუსტერ დოზას “აზრი არ აქვს” და ადამიანს ომიკრონისგან არ იცავს. მან რუსთავი ორის ეთერში ისევ საკუთარი თავი მოიყვანა მაგალითად და “კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც ოთხჯერ იყო აცრილი და მაინც დაემართა ომიკრონი”. მისი მტკიცებით, ომიკრონის შტამი რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისია.
“ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც ხუთი მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი ფაიზერით… მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ის, რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი და სხვა ყველასი.
მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი, სიმართლის მომხრე ვარ მე, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი, მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, უყურებს ყველა და ყველა ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში.
მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს, თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ” – ამბობს პრემიერმინისტრი.