“უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა”, – ამ შინაარსის ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
“ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება – გაიგზავნა სისხლის კომპონენტები და ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები”, – წერია რელიზში.
საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლიუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური იმყოფებოდნენ.
ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაესწრნენ.