უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიუცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო ლეგიონში რეგისტრაციისკენ და უკრაინაში ჩასვლისკენმოუწოდებს.
„უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც უკრაინის მეგობარია, ყველას, ვისაც სურს, შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია, მოვიდეს და გვერდში დაუდგეს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანებულებით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის შესახებ დებულების თანახმად, უცხოელებს უფლება აქვთ, ნებაყოფლობით, ჩაირიცხონ შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებშიც.
„ყველა უცხოელს, რომელსაც სურს, შეუერთდეს წინააღმდეგობას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ და დაიცვას მსოფლიო უსაფრთხოება, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს, ჩავიდეს უკრაინაში და შეუერთდეს თავდაცვის ძალების რიგებს. იქმნება უცხოელების ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი. ეს იქნება თქვენი ქვეყნის მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო ლეგიონში რეგისტრაციისთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, შეუძლიათ, საკუთარ ქვეყანაში უკრაინის საელჩოსა და თავდაცვის ატაშეს დაუკავშირდნენ.
„2022 წლის 24 თებერვალს, დილით, რუსეთმა დაიწყო ახალი სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ. ესაა გაუმართლებელი, კრიმინალური და ცინიკური შემოჭრა. რუსული არმია სამარცხვინო ტაქტიკას მისდევს. რაკეტებითა და არტილერიით დანგრეული საცხოვრებელი შენობები არის საბოლოო არგუმენტი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენთან ერთად შეაჩეროს საოკუპაციო შემოჭრა. უკრაინელებს აქვთ გამბედაობა, დაიცვან თავიანთი სამშობლო, დაიცვან ევროპა, დაიცვან ცივილიზაციის ღირებულებები. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ, ევროპაში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კონტინენტზე თანაარსებობის ყველა წესის წინააღმდეგ.
მოდით, მშვიდობას მივცეთ შანსი და დავიცვათ უკრაინა, ერთად შევაჩეროთ ოკუპანტები!“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.