“უწიგნურებას განუკითხაობა მოსდევს. რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით უფრო ძლიერია და სახელოვანი, – ამბობდა მწერალი ოთარ ჭილაძე და მის ნათქვამში ნამდვილად არის ჭეშმარიტება:
“თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვილი (გნებავთ შეძენილი).
ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენც ხალხი ვართ, კულტურაა, წერა-კითხვა ვიცით.
ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე – რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.
მხოლოდ ჩვენს სინამდვილეში შეიძლება, ამდენი ქომაგი ჰყავდეს ხალხს და, ამავე დროს, სრულიად უპატრონოდ იყოს მიგდებული. საქართველოს თავისუფლებისათვის კი არ იბრძვიან, არამედ ხელისუფლებისთვის, ყველაფრის უფლების თვის.
უწიგნურებას განუკითხაობა მოსდევს.
რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს ხალხს, მით უფრო ძლიერია და სახელოვანი. ჩვენც, ქართველები, შვილებს კი ვანათლებთ სხვებივით, მაგრამ ისინი ან აღარ გვიბრუნდებიან, ან მხოლოდ იმიტომ გვიბრუნდებიან, ცხვირი რომ აგვიბზუონ და დაგვამადლონ თავიანთი “განათლებულობა”.
მართალია, მაინცდამაინც დიდი აზრის არ ვარ ჩვენს საზოგადოებაზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, თავად განვიცდი ამას. საზოგადოების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. საზოგადოების სიავკარგე განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობას, საზოგადოების სიჯანსაღე განსაზღვრავს ხელისუფლების ხარისხს.”
2004 წელი.