მე განვასახიერებ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ვიზიტის ფარგლებში, RFI-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა ოლიგარქ ივანიშვილისა და პუტინის კავშირებსა და ამ კავშირების საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გავლენასთან დაკავშირებით დაუსვა.
“ის [ივანიშვილი] აღარ არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკაში, მე ვარ პრეზიდენტი, მე განვასახიერებ საგარეო პოლიტიკას, და საქართველოს წარმოვადგენ მის ფარგლებს გარეთ, არა მგონია ამ რეგიონში ჩემზე უფრო ევროპელი ბევრი ლიდერი იყოს, ევროკავშირის აღმოსავლეთით, და მე განვასახიერებ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინაზე აგრესიის პირველი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ერთ დღეს რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, გარკვეული სირთულეებით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება…”,– თქვა ზურაბიშვილმა.