უკრაინაში რუსეთის შეჭრას ძალიან დიდი მშვიდობიანი მოსახლე უკვე ემსხვერპლა. მიმდინარე ომთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები აკეთებენ განცხადებებს, რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია ამოქმედდა. ამ ყველაფრის პარალელურად, მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე ალაპარაკდა.
რამდენად რეალურია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს და, ზოგადად, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები – საკითხს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას პოლიტოლოგი, მამუკა არეშიძე აფასებს.
“მე შემიძლია, ვთქვა ფრაზა – რომ პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მეორე მხრივ, ეს ფრაზა არ იქნება ლოგიკური შექმნილ ვითარებაში და, საერთოდ, იმ სისტემაში, რომელსაც ასეთი ტიპის პიროვნებები ქმნიან. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟის უკიდურესი ფორმა – მთელი მსოფლიოს დასაშინებლად.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პუტინს ბირთვული იარაღი არ უხსენებია – მან მუქ ფერებში აღწერა, რა შეიძლება, მოყვეს სხვა ქვეყნების ჩარევას ამ ომში. მან დაიმუქრა – “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია”. მისი ეს ნათქვამი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შეიძლება ითქვას, რუსებს აქვთ ისეთი ტიპის იარაღი, ბირთვულის გარდა (თუმცა, არცთუ ისე დიდი რაოდენობის). რომლის გამოყენებაც საშინელ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, ქიმიური იარაღი, ბაქტერიოლოგიური იარაღი”, – განმარტავს პოლიტოლოგი.
როგორც არეშიძე ამბობს, რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული, რადგან მან იმ შედეგს ვერ მიაღწია, რაც 2 მარტამდე ჰქონდა დაგეგმილი.
“დღეს რუსეთი არის კუთხეში მიმწყვდეული. მან იცის, რომ აქვს მძიმე ხვალინდელი დღე. ვგულისხმობ სანქციების საკითხს და ასევე იმას, რომ ვერ მიაღწიეს შედეგს, რომელიც დაგეგმილი იყო ორ მარტამდე. არის ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორი. რუსეთის ხელისუფლება იძულებულია, რომ შეუტიოს კიევს მძიმე ტექნიკით, უკიდურეს შემთხვევაში – ავიაციით – პრაქტიკულად, დაანგრიოს ქალაქი, რომელიც არის წმინდა და სიმბოლური. ეს ფსიქოლოგიური მომენტი არის ძალიან აქტიური. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის, უბრალო ხალხისთვის კიევიდან დაიწყო რუსული სახელმწიფოებრიობა და მართლმადიდებლური იდეოლოგია, მისი განადგურება და მიწასთან გასწორება არის მიუღებელი. თუმცა, კრემლზე ეს ფაქტორი მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ისევ ომახიანად არიან.
იმის გამო, რომ კრემლი, პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული, პრინციპში, უკიდურეს ზომებს ვვარაუდობ. მაგრამ ვერ გეტყვით, სადამდე მივა ეს უკიდურესი ზომები”, – ამბობს მამუკა არეშიძე.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ