ხშირად ხდება, რომ ადამიანი ეძებს სიახლეს, რაღაც გამორჩეულ საქმიანობას, რასაც მის პროფესიასთან კავშირი არ აქვს და, ამავდროულად, ეს მას დროის სასიამოვნოდ გატარებასა და დასვენებაშიც კი ეხმარება. ანი უფლისაშვილი სოციოლოგია. ასე თუ ისე, მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კერამიკული ფილებით დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პროფესიული ცოდნა არ აქვს, ის ფილებზე ხატავს.
ანი უფლისაშვილი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
როგორ გაჩნდა ინტერესი კერამიკული ფილების მიმართ?
ამ ეტაპზე, კერამიკულ ფილებს მე პირადად არ ვამზადებ, უკვე დამზადებულ ფილებზე ვხატავ. პროფესიით ვარ სოციოლოგი. სამხატრო განათლება არ მაქვს. ამიტომ კი, თვითნასწავლი ვარ. მიყვარს მოგზაურობა და ყოველი ქვეყნის სამახსოვროდ დავიწყე კედელზე დასაკიდებელი ფილების შეგროვება, მეგობრებიც მეხმარებოდნენ. რაღაც მომენტში საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, თუმცა, სულ მაკლდა, რომ ქართული არ მქონდა. ერთხელაც, ერთი ასეთი ფილა ავიღე და თუშური ხუჯინის ორნამენტები დავახატე. ყველა, ვინც ნახა – მეკითხებოდა, თუ სად ვიყიდე და აქედან მივედი იმ დასკვნამდე, რომ შემეძლო, დამატებით შემოსავლად მექცია და გამეყიდა.
პროცესი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული?
ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, პირველ ყოვლისა, იმ კუთხით, რომ ფართი, სამუშაო გარემო სჭირდება, მე კი სახლის პირობებში მიწევს მუშაობა. უკვე მაქვს კერამიკის გამოსაწავი პატარა ღუმელი, თუმცა, ჯერ ვერ გავმართე, შესაბამისი ფართი ვერ მივუჩინე.
უმეტესად, ვინ და რა მიზნით ყიდულობს მათ?
პანდემიამდე, დაახლოებით, 1000-მდე ფილა გავყიდე და არცერთი არ უყიდია ქართველს. 100%-ს ტურისტი ყიდულობდა. პანდემიის შემდეგ, უბრალოდ, საკიდი აღარ გავუკეთე და და მაგიდაზე, ჭიქის დასადებად შევთავაზე მომხმარებელს. ასეთი ფორმით საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა და ფართომაშტაბიანი შეკვეთებიც მივიღე.
გარდა ამისა, ხელოვნების სხვა მიმართულებებით თუ ხართ დაინტერესებული?
არა, საკმაოდ დატვირთული ვარ სამსახურში. ფილებზე ხატვაც ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა და ამიტომ დაიკავა აქტიური ადგილი ჩემს ცხოვრებაში.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ