ყველა ადამიანს აქვს სურვილი – გარემო, რომელშიც ცხოვრობს, იყოს მყუდრო, ლამაზი, განსხვავებული… დეკორაციების შერჩევისას ჩვენ არაერთ დეტალს ვითვალისწინებთ, რომელიც ჩვენს გემოვნებაზეა მორგებული. თუმცა, ეს პროცესი არცთუ ისე მარტივია.
Macrame Art•მაკრამე სტარტაპია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს აქვს შესაძლებლობა, შეარჩიოს თანამედროვე ინტერიერზე მორგებული ხელნაკეთი დეკორი. „თბილისი თაიმსს“ ნინი გავაშელაშვილი ესაუბრა.
თავდაპირველად, გვითხარით – რას ამზადებთ?
ყოველთვის მიყვარდა მინიმალისტური სტილი და ბოჰემური შტრიხები ინტერიერში. იდეა 2021 წელს, ზაფხულში გაჩნდა, როდესაც მეგობრისთვის განსაკუთრებული საჩუქარი მინდოდა, გამეკეთებინა და ძებნის პროცესში მსგავსი პროდუქტი აქ ვერ ვიპოვე, ამიტომ გადავწყვიტე, საჩუქრის დამზადება თავად მეცადა.
თავიდან ამ ყველაფერს ექსპერიმენტის სახე უფრო ჰქონდა, ვიდრე – ბიზნესიდეის. როცა ამ პროექტზე დავიწყე მუშაობა, არ ვიცოდი – რამდენად გაამართლებდა და გულწრფელად რომ ვთქვა, უფრო დინებას მივყვებოდი. მიუხედავად იმისა, რომ რთულ პერიოდში დავიწყე სტარტაპის განვითარება, ვფიქრობ, დროული იყო. მქონდა შიშის შეგრძნებაც, იქნებ – არ გაამართლოს-მეთქი.
უმეტესად, რა მიზნით ყიდულობენ თქვენს ნამუშევრებს?
„მაკრამე“ ინტერიერში ქადაგებს მინიმალიზმს და ეკო-სტილს. ჩვენს პროდუქციას ყიდულობს ის, ვისაც უყვარს მინიმალისტური სტილი და ზრუნავს სახლის, სასტუმროს, კაფე-ბარის, ოფისის თუ ნებისმიერი სხვა სივრცის გალამაზებაზე.
მომხმარებლის გემოვნებით ქმნით მათ?
რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილს და ინდივიდუალურ შეკვეთებზეც ვმუშაობთ. პროდუქტი დაწყების დღიდან საკმაოდ მოთხოვნადია, მომხმარებლის დამოკიდებულება უზარმაზარ მოტივაციას და კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილს მაძლევს. მჯერა, რომ “დამშვიდებულ სამყაროში” ბევრად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.
უცხოელი მომხმარებლები თუ გყავთ?
დიახ, ქართველ მომხმარებელთან ერთად, გვყავს უცხოელი გულშემატკივრებიც, ამჟამად, პროდუქტის რეალიზება ხდება ონლაინ – Facebook და Instagram პლატფორმების მეშვეობით, პერიოდულად, ვმონაწილეობთ ფესტივალებზეც.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სოციალურ სივრცეში ჩვენი პროდუქციის გატანა და კომუნიკაციის დამყარება მომხმარებელთან, თუმცა, სამომავლოდ გაფართოებას და მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ, სადაც განვათავსებ ყველა ჩემს პროდუქციას, რათა მომხმარებელს ჰქონდეს კიდევ უფრო ფართო არჩევანი.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ