რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ გეგმავს, უფრო მეტიც, ისინი არც უკრაინას დასხმიან თავს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა თურქეთში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში რუსეთი უკრაინას უხსნიდა, რომ მის სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა.
„რაც შეეხება თქვენს კითხვას – ვაპირებთ თუ არა სხვა ქვეყნებს დავესხათ თავს, სხვა ქვეყნებზე თავდასხმას ჩვენ არ ვგეგმავთ. ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს. უკრაინას მრავალჯერ განვუმარტეთ, რომ შეიქმნა ვითარება, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა. მრავალწლიანი შეხსენების, მოწოდებების, ცნობების მიუხედავად, ჩვენ არავინ გვისმენდა. პრეზიდენტი პუტინი ამ საკითხებთან მიმართებით თავის აზრს სულ აფიქსირებდა. ახალმა გარემოებებმა კი რომლებმაც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში იჩინა თავი ცხადყო, რომ სახალხო რესპუბლიკებზე თავდასხმა მიმდინარე თვეში იგეგმებოდა.
აღმაშფოთებელი ფაქტია ის, თუ რას საქმიანობს პენტაგონი აშშ-ის ფულით შექმნილ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში. ისინი უკრაინის ტერიტორიას პათოგენებზე ექსპერიმენტებისთვის იყენებენ, რომელიც შემდგომში ბიოლოგიურ იარაღში შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამერიკელები ამ პროექტებს მკაცრად ასაიდუმლოებდნენ და ამ საქმიანობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეწევიან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.