ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ეძებს მექანიზმს, რომ უკრაინაში გადაიტანოს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაკავებული ოქროსა და სავალუტო რეზერვები 415 მილიარდი დოლარის ოდენობით, რუსული აგრესიისგან ზარალის კომპენსაციის მიზნით. ამის შესახებ უკრაინაში, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დენის კუდინმა სატელევიზიო გადაცემისას განაცხადა.
„დასავლეთის მთავრობებმა უკვე დააკავეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვები – 415 მილიარდი დოლარი. ეს თანხა თითქმის საკმარისია ამ პირდაპირი ერთჯერადი ზარალის დასაფარად. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში მთავრობებთან ერთად, სხვა ქვეყნებში ვიპოვით სამართლებრივ მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება ეს თანხა უკრაინაში წავიდეს აღდგენისა და კომპენსაციისთვის“, – განაცხადა კუდინმა.