ბუნებასთან სიახლოვე, მისგან წამოსული ემოციები ძალიან ბევრ ადამიანზე ახდებს შთამბეჭდავ გავლენას. ჩვეულებრივ, ჩვენ ვისწრაფვით, გვქონდეს მუდმივი კავშირი მცენარეებთან, სიმწვანესთან და, ზოგადად, მყუდრო გარემოსთან. ტერარიუმი გვაძლევს შესაძლებლობას, კავშირი ადამიანმა და ბუნებას შორია იყოს მუდმივი და მჭიდრო.
Tinos ტერარიუმები მცენარეებისა და ბუნებრივი აქსესუარების ერთობლიობაა. ის ინტერიერს გაცილებით ცოცხალს, ხალისიანს ხდის. „თბილისი თაიმსს“ თინათინ მათოშვილი ესაუბრა.
„ვამზადებ ტერარიუმებს მინის კოლბებში – სხვადასხვა აქსესუარის გამოყენებით. ეს იდეა პოლონეთში გაჩნდა. როდესაც სამოგზაუროდ ვიყავი, აქ, სხვადასხვა მაღაზიაში, კაფეში ვნახე ასეთი ტერარიუმები. ზოგადად, მე ისინი საქართველოში ნანახი არ მქონდა. მაგრამ როდესაც ბაზარი მოვიკვლიე, აღმოჩნდა, რომ აწარმოებდნენ. თუმცა, ბევრს – არა.
მე ძალიან მიყვარს ოთახის მცენარეები და მქონდა უკვე დიდი რაოდენობის მცენარე. დავიწყე ტერარიუმების დამზადება. ამ საქმეში კიდევ დამეხმარა ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა – მივიღე მონაწილეობა და მცირე უპროცენტო კრედიტი ავიღე. ამასთან, ავითვისე მეწარმისთვის საჭირო არაერთი უნარი – როგორ გავსულიყავი ბაზარზე და ა.შ.“
როგორც თინათინი ამბობს, უმეტესად, მისი ნამუშევრების მომხმარებლები მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან.
„უფრო მეტად, ჩემი ნამუშევრებით გოგონები ინტერესდებიან. თუმცა, ბოლო დროს ინტერესი მამაკაცებისგანაც წამოვიდა. მათ შეიძინეს სასაჩუქრედ, დედის დღისთვის, სარვამარტოდ… იყენებენ, ასევე, ინტერიერის გასალამაზებლად“
რესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, აქ საქმიანობს და განმარტავს, თუ რატომ ვერ არის მისი ტერარიუმები ხელმისაწვდომი სრულიად საქართველოსთვის.
„მე სამცხე-ჯავახეთიდან ვარ. ადიგენის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ. ამ ეტაპზე, ახალციხეში მაღაზიასთან მქონდა მოლაპარაკება და აქ გავიტანე, გავყიდე ჩემი ტერარიუმები. აქ მომხმარებელს შეუძლია, მიბრძანდეს და ადგილზე შეიძინოს ისინი. მანამდე, უფრო მეტად, “ფეისბუქ” გვერდის მეშვეობით ვყიდდი ნამუშევრებს. ისინი, ამჯერად, მთელი საქართველოსთვის ვერ არის ხელმისაწვდომი – ეს კი იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხო ტრანსპორტირება რთულია. ვარ ძიების პროცესში, როგორ მოვახერხო, რომ მომხმარებელმა სხვა ქალაქებში შეძლონ, მიიღონ ჩემი ნამუშევრები დაუზიანებლად“, – ამბობს თინათინ მათოშვილი.