Chemi . ჩემი – აქ ნახავთ ნამუშევრებს რომლებიც მრავალი დანიშნულებით გამოიყენება და ვიზუალიც სხვებისგან გამორჩეულია. დიდი კონკურენციის პირობებში, ბრენდს აქვს მახასიათებლები, რის გამოც მომხმარებლისთვის საინტერესოა.
გარდა საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებისა, „ჩემი“ განსაკუთრებულად მიმზიდველი იმ მაკეტების გამოა, რის გამოც „თბილისი თაიმსის“ შემთხვევაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენს შეკითხვებს შოთა ლაკლაკიშვილი პასუხობს.
დეტალურად, რას ამზადებთ?
ვამზადებთ ხის, ტყავის, მინის, ორგმინის სასაჩუქრე და ყოფაცხოვრებაში გამოყენებად პროდუქციას, მაგალითად: სანათებს, პაზლებს, სასაჩუქრე ყუთებს, საათებს, საფულეებს, ჩანთებს, სამზარეულოს აქსესუარებს, კედლის საკიდებს და.ა.შ. ნებისმიერ ნივთს, რომელიც პრაქტიკაშიც გამოიყენება და თან სუვენირული, სამახსოვრო მნიშვნელობაც აქვს ვიზუალიდან და შინაარსიდან გამომდინარე.
რით არის განსხვავებული თქვენი ნამუშევრები.
ჩვენი პროდუქცია მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. მრავალფეროვანი მიმართულებების მეშვეობით, მომხმარებლებს ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც შეუძლიათ, შექმნან მათთვის სასურველი პერსონალიზირებული პროდუქტი, სასურველი დიზაინით, წარწერით და დანიშნულებით. ჩვენ ვთავაზობთ იდეებს, დანარჩენს კი, ფაქტობრივად, თვითონ გამომწერები გვიკვეთავენ.
ჩვენი ყურადღება, უმთავრესად, რაჭის სახლის მაკეტმა მიიქცია – ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული ეს მიმართულება?
ზოგადად, მაკეტების დამზადება ცალკე მიმართულებაა, რომელიც არქიტექტურულ სიზუსტეს მოითხოვს. ჩვენი მაკეტები, უფრო სწორად, მინიატურული სცენები პირველადი დანიშნულებით არის სანათები, თუმცა, პერსონალურ დონეზე დამკვეთებისთვის ეს არის სამახსოვრო სუვენირი, რომელიც მათ ემოციებს, მოგონებებს და ადამიანებს უყრის თავს. ძირითადი სირთულე სწორედ აქედან მოდის, რომ გამოიცნო სამუშაო პროდუქტთან დაკავშირებული დამკვეთის ემოციები, მინიატურაზე ყველა მნიშვნელოვანი თუ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის გამოყენებით შექმნა ის განწყობა, რაც ადამიანს ამა თუ იმ სახლთან, გარემოსთან, ნივთთან აკავშირებს.
ზოგადად, მომხმარებლის გემოვნებით ამზადებთ თუ საკუთარი იდეებით ქმნით კოლექციას?
კომბინირებულად ვმუშაობთ. ხშირად თვითონ მომხმარებლები გვკარნახობენ პროდუქტს. უმეტეს შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის გემოვნება და სურვილი, მიზანიც ხომ ესაა – რომ პროდუქტი პერსონალური იყოს და საკუთრების განცდა ჰქონდეს ყოველ მომხმარებელს. კომპანიის სახელიც (“ჩემი”) ამ მოტივიდან გამომდინარეობს. თუმცა, ყოფილა გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც უარის თქმა გვიწევს ისეთი პროდუქტის მოთხოვნაზე,რომელიც უკვე დამზადებულია სხვის მიერ და პროდუქტი ვიზუალური გაუმჯობესების საშუალებას არ იძლევა.
რამდენად ხშირად სთავაზობთ დაინტერესებულ ადამიანებს სიახლეებს ?
ჩვენი სამუშაოს მნიშვნელოვან ნაწილი სწორედ ბაზრის კვლევას, ახალი მასალის, დიზაინის, პროდუქტის მოძიებას და შემდეგ უკვე დატესტვას ეთმობა, შესაბამისად, სიახლეებს არ ვაყოვნებთ.