ხელოვანი, რომელზეც ამ მასალაში გიამბობთ, უდავოდ განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნის. გიფიქრიათ, როგორ გამოიყურება მუყაოს ქანდაკება? რამდენად მარტივი ან რთულია მისი შექმნა? ჩვენი დღევანდელი რესპონდენტისთვის ყოველი ქანდაკება განსაკუთრებულია, გამორჩეული საკუთარი ხასიათითა და შინაარსით.
სალომე გოლეთიანი სამყაროს მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას სწორედაც რომ საკუთარ ნამუშევრებში ასახავს. მეტიც, ისინი მისთვის ყოველდღიურ განწყობებს განსაზღვრავს. “თბილისი თაიმსს” სალომე თავად ესაუბრა.
ჩვენი სახელოსნოს საწყისი ეტაპი მოდერნისტულ კუბიზმს უფრო ენათესავება, მაგრამ შემდგომ სტადიებში, დამკვეთების სურვილების გათვალისწინებით, სხვა მიმდინარეობებიც შეერწყა და ახლა უკვე ერთ კონკრეტულ ჩარჩოში ვერ ჩავსვამ – თუმცა, კრებითად, ინტერიერის მუყაოს ქანდაკებად შეიძლება, მოვიხსენიოთ.
ამ მხრივ, თქვენი ინტერესი რამ გამოიწვია?
არის ჩვენი შინაგანი სულიერი კავშირები ამ ქანდაკებებთან. ადამიანი შეიძლება, გარეგნულად მშვიდი და, ხელოვნების ენაზე რომ ვთქვათ – “კომპოზიციურად გაწონასწორებული” იყოს, მაგრამ მისი შინაგანი მდგომარეობა აბსოლუტურად სხვა ფაზაში იმყოფებოდეს. ფრენსის ბეკონს აქვს ძალიან საინტერესო ფერწერული ინტერპრეტაციები დიდებული ველასკესის პაპ ინოკენტ მეათის ფერწერულ ტილოზე. ის მშვიდ პოზაში მედიდურად ზის, თუმცა, მისმა თვალების მეტყველებამ ისეთი მომაკვდინებელი ენერგიების ექსპრესია აგრძნობინა ბეკონს, რომ სახე გადაუდღაბნა, პირი დააბჩენინა და ტირანის ფერებით აამეტყველა. ასეა ჩვენ ირგვლივაც – ყველას თავისი შინაგანი დრამატურგია აქვს ამ ცხოვრებაში.
ჩემი და ჩემი მეგობრის დამოკიდებულებაც სამყაროსადმი, ამ პერსონაჟების იდენტურია. ზოგჯერ მეცინება, როცა გავიფიქრებ, დღეს რომელი პერსონაჟის განწყობა მაქვს-თქო. გადავხედავ ამ ჩემს გოგო-ბიჭებს და უმალ ვპოულობ დღის განწყობის ინდიკატორს. ამიტომაც მხიბლავს მათი ხასიათების მრავალფეროვნება.
უმეტესად, ვინ ინტერესდება თქვენი ნამუშევრებით?
ინტერესდებიან ის ადამიანები, ვისაც ერთი კონკრეტული გეზი არ აქვს ცხოვრებაში არჩეული და მუდმივის ძიების პროცესშია. ასეთი ადამიანი მაშინვე პოულობს კავშირებს ამ პერსონაჟებთან, უყვარდება და ინტერიერში ათავსებს.
ნამუშევრის შექმნის პროცესში რა სირთულეებს აწყდებით?
დიდი გზა გამოვიარეთ, სანამ მუყაოს თვისებებს ისე შევისწავლოდით, რომ შექმნის მერე ის რეზისტენტული ყოფილიყო სხვადასხვა დაზიანების მიმართ. სხვათა შორის, წყალშიც კი გავრეცხეთ და მედგრად გაუძლო ექსპერიმენტს. მუყაოს ვიზუალიზაცია არა – ზოგჯერ ხის და ზოგჯერ კერამიკის ეფექტი აქვს.
ხელოვნების სხვა სფეროებით თუ ხართ დაინტერესებული?
ადრე ვქმნიდი თოჯინებს პოლიმერული თიხით, ალუმინის კარკასით და ნაჭრებით. კერვა არ მეხერხება, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, მშვენივრად შემიმოსავს ჩემი თოჯინები 🙂 ამჟამად, ხელოვნებას ვასწავლი სკოლაში და ვცდილობ, ვასწავლო თუნდაც ყველაზე მარტივი რამ, რომ მიქელანჯელოს “დავითი” სასაცილოდ შიშველი სულაც არ არის, ის დიდებულია.