იმის გამო, რომ დღეს ადამიანები მუდმივად ორიგინალურისა და განსხვავებულის ძიებაში ვართ, ხელოვანი ადამიანები ცდილობენ, შემოგვთავაზონ მრავალფეროვანი ნამუშევრები. თუმცა, კონკურენციის პირობებში, მომხმარებლისთვის საინტერესოა ის, რასაც ანალოგი არ აქვს.
“ჰალო” – სწორედ ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც ხელნაკეთი დეკორატიული სარკეების არჩევანს გვთავაზობს. ნამუშევრები ზღვის ტალღების შთაგონებით არის შექმნილი, ძალიან დახვეწილი და გამორჩეულია. “ჰალო”-ს დამფუძნებლები ანა ერემეიშვილი და ლალი ქუთათელაძე არიან. სარკეების ისტორიასა და განსაკუთრებულობაზე ისინი “თბილისი თაიმსს” ესაუბრნენ.
“ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქტს ინტერიერის დიზაინში. სარკე – რომელსაც, ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული დანიშნულებაც აქვს.
თითოეული სარკე უნიკალურია, ვინაიდან ყველა დეტალი დამუშავებულია ხელით და არცერთი არ მეორდება. სარკეები სპეციალური ტექნოლოგიითაა დამუშავებული, გამოყენებულია ეპოქსიდური ფისი. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ საქართველოში, ვინც მსგავსი ტექნიკით მუშაობს სარკეზე.”
რით არის თქვენ მიერ დამზადებული სარკეები განსხვავებული?
ჩვენი ბრენდის შთაგონება მოდის ბუნებრივი ფერებიდან, რასაც ირიბად ჩვენს ლოგოშიც გავუსვით ხაზი. “ჰალო” – ბუნებრივი ფენომენია, მრგვალი და ფერადი რგოლი, რომელიც მზის ან მთვარის გარშემო წარმოიქმნება და მისი აღქმა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ასევეა ჩვენი სარკეებიც, თითოეული სარკე უნიკალური და მხოლოდ ერთია.
ჩვენი უზომო სიყვარული ზღვის მიმართ გამოიხატა “ჰალო”-ს პროდუქციის განსხვავებულობაში. სარკეები გამორჩეულია თავისი ორიგინალური ვიზუალით, ზღვის, ოკეანის ეფექტი, რასაც ნებისმიერ ინტერიერში სიმშვიდე, სინათლე და სასიამოვნო აურა შეაქვს.
საინტერესოა ბრენდის ისტორია – საიდან გაჩნდა იდეა?
“ჰალო”-ს შექმნის იდეა სამსახურიდან წამოსული, ორი დაქალით იწყება, რომლებმაც გადაწყვიტეს რაღაც ახლის შექმნა, რაც საქართველოს ბაზარზე პირველი იქნებოდა, სიტყვას იტყოდა თავის საქმეში და დაამახსოვრებდა ხალხს.
რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად კი, შეიქმნა “ჰალო” – სრულიად განსხვავებული პროდუქტი საქართველოს ბაზრისთვის.
მსგავსი თემატიკით, სხვა ნივთების შექმნასაც ხომ არ გეგმავთ?
ამ ეტაპზე, გვაქვს სარკეები 20სმ-დან დაწყებული. მოთხოვნის მიხედვით იზრდება ზომები, მაგალითად, ყველაზე დიდი ამ ეტაპისთვის 70- სმ-იანი დავამზადეთ, რაც ძალიან ეფექტური გამოვიდა, ასევე, ვამზადებთ მინიატურულ. მაცივრის მაგნიტებს, ახალ წელს ლიმიტირებული რაოდენობით დავამზადეთ ნაძვის ხის სათამაშოები. ტექნიკა, რომელსაც დამზადების დროს ვიყენებთ, ისეთი მრავალფეროვანი და მასიურია, რომ ძალიან დიდ საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სიახლის ელემენტები ინტერიერის დიზაინში. მიზნები და გეგმები დიდი გვაქვს და, რა თქმა უნდა, განვითარდებით და გავიზრდებით ჩვენს მომხმარებლებთან ერთად.