მცირე ზომის, ეფექტური და მუდამ სასურველი იმ გარემოს შესაქმნელად. რომელიც კომფორტსა და ხალისს გვაგრძნობენს – შესაძლებელია, ასე დავახასიათოთ მინიატურული საყვავილეები, რომელთა შესახებაც ახლა გიამბობთ. ისტორია არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. იდეები დაიხვეწა, ნამუშევრები კი აშკარად გამორჩეული გახდა.
უფრო დეტალურად, “თბილისი თაიმსს” ანა შალამბერიძე ესაუბრა.
როგორც იცით, ჩვენი ყურადღება თქვენ მიერ დამზადებულმა, მინიატურულმა საყვავილეებმა მიიქცია – ამ იდეას რა ისტორია აქვს?
თიხაზე მუშაობა დავიწყე, დაახლოებით, 2 წელია. თავდაპირველად, მხოლოდ აქსესუარებს ვამზადებდი, შემდეგ მქონდა მცდელობა, რომ შემექმნა დიდი ზომის საყვავილეები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთი, თუმცა, მინდოდა, რაიმე განსხვავებული ყოფილიყო. ამიტომ, გადავწყვიტე მინიატურული საყვავილის დამზადება. სულ მცირე პაწაწინა ნივთი, რომელმაც შეიძლება, ამხელა სიამოვნება და სიხარული გამოიწვიოს შენში.
რისგან მზადდება ის და რა სირთულეები ახლავს პროცესს?
მასალა არის პოლიმერული თიხა. მზადების პროცესი ძალიან სასიამოვნო და სახალისოა და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. გამოძერწვის და სასურველი ფორმის მიღების შემდეგ, ხდება ალკოჰოლში დამუშავება, რომ მოვაშოროთ ზედმეტი მტვერი. შემდეგ წინასწარ მომზადებულ ღუმელში, საჭირო ტემპერატურაზე ხდება მისი გამოწვა. თავიდან იყო პრობლემა ტემპერატურასთან დაკავშირებით, რადგან ზედმეტი გრადუსი წვავს თიხას და ხდება მარტივად მსხვრევადი. თუმცა, პრაქტიკასთან ერთად, ოპტიმალური და ჩემს ღუმელზე მორგებული ტემპერატურაც ვიპოვე.
გამოწვის შემდეგ, ხელის ბურღით მუშავდება ზედაპირი, რომ ერთგვაროვანი იყოს, შემდეგ ირეცხება და მზად არის უკვე რეალიზაციისთვის.
გარდა ამისა, რა სახის ნამუშევრებს ამზადებთ?
ძირითადად, თიხაზე ვმუშაობ, თიხის სხვადასხვა აქსესუარს ვამზადებ ქალბატონებისთვის. ესენია: ყელსაბამი, საყურე, ბეჭედი, თმისსამაგრები.
გარდა ამისა, ბუნებრივი ქვებით და მეტალის დეტალებით ვამზადებ სხვადასხვა აქსესუარს.