როგორც ცნობილია, VISA-ს და Mastercard-ის ბარათები, რომლებიც რუსული ბანკების მიერ არის გაცემული, ბლოკირებულია. ალტერნატივად, რუსეთმა საკუთარ მოქალაქეებს შესთავაზა სისტემა – MIR, რას გულისხმობს რუსული საგადახდო სისტემა MIR, სად მოქმედებს ის და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რომელიმე კერძო კომპანია ვინმეს ამ სისტემით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს – ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.
საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა.
“MIR-ი არის საგადახდო სისტემა, დაახლოებით ისეთი, როგორიც VISA და Mastercard. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მომსახურება და გავრცელების არეალი ბევრად შეზღუდულია. ის მოქმედებს მხოლოდ რუსეთთან დაახლოებულ, მასთან სავაჭრო-საპარტნიორო ურთიერთობაში მყოფ ქვეყნებში. საქართველოში ეს სისტემა არ მოქმედებდა არასდროს. რამდენიმე კერძო კომპანიის მცდელობა, რომ თავის გადახდების არხებში დაემატებინა MIR-ის სისტემა, შეიძლება ითქვას, წარუმატებლად დასრულდა, რადგან ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ მკაცრი გაფრთხილება მისცა ამ კომპანიებს – ისინი არღვევენ კანონს, რადგან ამ სისტემას არცერთი ქართული კომერციული ბანკი არ ემსახურება.
MIR-ი ასევე მოქმედებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც არღვევს კანონს ოკუპაციის შესახებ. ამიტომ, საქართველოში ამ სისტემის მუშაობა ვერ მოხერხდება და ვინც შეეცდება, გარდა მორალურისა, ფინანსურადაც საკმაოდ მკაცრად დაისჯება”, – განმარტავს გიორგი კეპულაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ MIR-ის ბარათების მომსახურების დაწყება კანონდარღვევას წარმოადგენს.
“კიდევ ერთხელ გვსურს, გაცნობოთ, რომ სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება, როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს”, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.