შედის თუ არა კრემლის უახლოეს გეგმებში პოლონეთზე თავდასხმა და რა მოხდება იმ შემთვევაში, თუკი რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს – საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” ისტორიკოსი, მიხეილ მესხი ესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ რუსეთი პოლონეთს აგრესიის ობიექტად განიხილავს.
“ეს ინფორმაცია გავრცელდა პოლონეთში უკრაინის ელჩის მიერ. მე რამდენადაც ვიცი და თვალ-ყურს ვადევნებ პოლონურ საინფორმაციო საშუალებებს, თვითონ პოლონურ მხარეს ამ საკითხის შესახებ არაფერი უთქვამს. თუმცა, შემდგომში რომ რუსეთი განიხილავს პოლონეთს, როგორც აგრესიის შესაძლო ობიექტს, ამაზე საუბრები მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ იყო კიდეც ინფორმაცია, რომ, გამოკითხვის შედეგად, რუსეთის მოსახლეობის, დაახლოებით, 75 პროცენტი მიიჩნევს, რომ შემდგომი უნდა იყოს პოლონეთი”, – განმარტავს ისტორიკოსი.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, დღეს არსებულ რეალობაში, მას მიაჩნია, რომ რუსეთი პოლონეთში არ შეიჭრება.
“რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ სახელმწიფოები, რომლებიც 1995 წლის შემდგომ შევიდნენ ნატო-ში, უნდა გამოვიდნენ ალიანსიდან. პერსპექტივაში, რუსეთის იდეებსა და გეგმებში ეს იდეა შესაძლოა, არსებობს. თუმცა, დღეს არსებული ვითარებით, მე მიმაჩნია, რომ პოლონეთში შეჭრა გამორიცხულია. პოლონეთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ალიანსზე და მესამე მსოფლიო ომს. რუსეთის ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ვფიქრობ, იქ არიან ადამიანები, რომელთაც საღი აზრი ჯერ კიდევ შერჩენიათ”, – ამბობს მიხეილ მესხი.