სულ ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ენკა”-მ საქართველოსთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. რა გახდა ამის ძირითადი მიზეზები და რის გათვალისწინება იყო საჭირო, როდესაც პროექტი მუშავდებოდა – “თბილისი თაიმსს” ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.
“როდესაც კონტრაქტი იდება, იქ ყველა დეტალი უნდა იქნეს გათვალისწინებული – ეკონომიკური, ეკოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ა.შ. ამიტომ, მხოლოდ ერთი წრის წარმომადგენლების, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკის სფეროს ექსპერტების დასკვნა არ არის საკმარისი, თუ არ იქნა გათვალისწინებული ფართო საზოგადოების აზრი. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის დაძაბულობა და გარკვეული სოციალური ჯგუფების წინააღმდეგობა პროექტის რეალიზაციის ფარგლებში.
პირველივე ეტაპზე უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა კომპეტენტური მხარის მიერ და მიღწეულ იქნეს კონსენსუსი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჰესები უნდა აშენდეს. თუ წარმოება ვერ დაეწია, ჩვენ მუდამ ვიქნებით დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, ვიქნებით ამ ფაქტორების მძევლები – გავამდიდრებთ იმ სახელმწიფოს, რომლიდანაც იძულებულები ვიქნებით, მოვახდინოთ სხვადასხვა ენერგომატარებლის იმპორტი”, – განმარტა იოსებ არჩვაძემ.