“უკრაინაში 4 000-ზე მეტი ქალაქია. მართალია, ბრძოლები მთელს ქვეყანაში არ მიმდინარეობს, მაგრამ სადაც არის, ის ქალაქები, ფაქტობრივად, თავიდან არის აღსადგენი. მარიუპოლი მთლიანი სურათის წარმოდგენის საშუალებას გვაძლევს. ზარალის შესახებ სხვადასხვა რიცხვი სახელდება – მთლიანად, ინფრასტრუქტურაა მოშლილი, აეროპორტებია დაბომბილი, იბომბება დასავლეთ უკრაინა… ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რა მასშტაბი ექნება მას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ცუცქირიძემ “თბილისი თაიმსთან” უკრაინის ზარალსა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის სავარაუდო ვადებსა და თანხებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
როგორც ცუცქირიძემ განმარტა, უმთავრესად, საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებულია, რა დრო დასჭირდება უკრაინას, რათა ის აღდგეს.
“რა დრო დასჭირდება უკრაინას ფეხზე დასადგომად, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებასთან. ბევრი იქნება დამოკიდებული დონორებზე – ალბათ, დონორთა კონფერენციაც შედგება. ამ ყველაფერს ერთი და ორი წელი არ ეყოფა. 5-10 წელი აუცილებლად დასჭირდება, მასშტაბი ძალიან დიდია. თუმცა, უკრაინას ექნება ძალიან დიდი ფულადი დახმარება, ასევე, მას დაეხმარებიან ადამიანური რესურსებით. ჩაერთვება სხვადასხვა საერთაშორისო ფონდი. აქ მთავარია, რომ დაღუპულებს აღარაფერი ეშველებათ. ქალაქები აღდგება და ბევრად ლამაზებიც იქნება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ვარშავა იყო მიწასთან გასწორებული. შემდეგ კი ზუსტად ისეთივე აღდგა, როგორიც ომამდე იყო. აღდგენა არ არის პრობლემა. უბრალოდ, ის დროში იქნება გაწელილი. უკრაინას ფინანსური დახმარება ექნება აშშ-სგან, ევროკავშირისგან და ა.შ.
უკრაინას ნახევარ ტრილიონზე მეტი დასჭირდება. ეს რიცხვი რომ წარმოვიდგინოთ, უნდა ვიცოდეთ, რამდენია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. მისი მშპ არ არის ნახევარი ტრილიონი. რაც არის უკრაინის მშპ, იმაზე დიდია ზარალი, თან – რამდენჯერმე. ეს დღევანდელი მოცემულობით, თუმცა, მონაცემები ჯერ კიდევ დაზუსტდება. ომი ისევ მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.