ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და მზად არის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაუშვას, თუ კიევი უარს იტყვის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის პროექტი არ შეიცავს რუსეთის ისეთ თავდაპირველ მოთხოვნებს, როგორიცაა „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და უკრაინაში რუსული ენის სამართლებრივი დაცვის საკითხი.
დავით არახამიამ, პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ხელმძღვანელმა და მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, გაზეთ Financial Times-ს განუცხადა, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა სიფრთხილით ეკიდება გარღვევის პერსპექტივას.
განსახილველი შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ასევე თავს შეიკავებს ბირთვული იარაღის შემუშავებისგან ან უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებისგან.
სანაცვლოდ, უკრაინა მიიღებს იმას, რასაც არახამიამ უწოდა „ნატოს მე-5 მუხლთან მიახლოებული ფორმულირება“ – უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისგან, აშშ-ისგან, დიდი ბრიტანეთისგან, კანადასგან, საფრანგეთისგან, გერმანიისგან, ჩინეთისგან, იტალიისგან, პოლონეთისგან, ისრაელისა და თურქეთისგან.
„ერთადერთი მოგვარებული საკითხი საერთაშორისო გარანტიებია, რომელსაც უკრაინა ეძებს, თუმცა ჯერ კიდევ უნდა მივიღოთ გარანტიების თანხმობა, თორემ გარიგება არ შედგება“, – განაცხადა არახამიამ.
განსახილველი კომუნიკეს პროექტი ყველაზე დიდ დაბრკოლებას შეიცავს – უკრაინის მცდელობები, დაიბრუნოს რუსეთის მიერ 2014 წლიდან მიტაცებული ტერიტორიები, რომელიც პუტინისა და ზელენსკის სავარაუდო სამომავლო შეხვედრისას გადაწყდება.
„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რაიმე სახის საზღვრებს, გარდა იმისა, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია გაწერილი“, – განაცხადა არახამიამ.
ამ დროისთვის, უკრაინა მზად არის განიხილოს რიგი ჰუმანიტარული საკითხები, როგორიცაა ყირიმის წყალმომარაგების აღდგენა და პირობა, რომ არასდროს ეცდება ნახევარკუნძულის ძალის გამოყენებით დაბრუნებას.