წაბლი•Chestnut – გახლავთ კომპანია, რომელიც ქართულ წაბლს უწევს რეალიზებას არა მხოლოდ მთელს საქართველოში, არამედ – სხვადასხვა შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთაც. იდეა გურამ გუდაძესა და დავით კუპრაძეს ეკუთვნით, კომპანიაც სწორედ მათ დააარსეს.
დამფუძნებლებმა საქმიანობა 2019 წლიდან დაიწყეს. პირველივე ნაბიჯს მომხმარებლის მხრიდან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. კომპანიამ საზოგადოებას შესთავაზა შემწვარი წაბლი გრილზე – შეთავაზებული წაბლი ჯანსაღი და ხარისხიანი, რაც ამყარებს ნდობას ბრენდის მიმართ. “თბილისი თაიმსს” გურამ გუდაძე ესაუბრა.
“იდეაა წამოვიდა იქედან, რომ ჩვენი წაბლის დიდი რაოდენობა გადის ექსპორტზე. იქაც მსგავსად უწევენ რეალიზებას შემწვარ წაბლს. 2019 წელს დავიწყეთ ქართულ ბაზარზე, მასიურად, ბრენდის სახით შემოტანა ჩვენი პროდუქტის – შემწვარი წაბლი გრილზე, მოგეხსენებათ, ჩვენთან არ არის ეს პროდუქტი მასებისთვის პოპულარული, მაგრამ პირველივე წლიდან ძალიან დიდი გამოხმაურება და კარგი შეფასებები მოყვა მომხმარებლებისგან. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი და ხარისხიანი ნედლეული წაბლი, რომელიც საგულდაგულოდ ირჩევა და ინახება სპეციალურ მაცივრებში, რათა წაბლის მირთმევა შევძლოთ არასეზონზეც. დღეს უკვე ვცდილობთ სამაცივრე მეურნეობის მოწყობას, რათა მთელი წლის მანძილზე შევძლოთ, მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს წაბლი”, – ამბობს გურამი.
როგორც ის აღნიშნავს, ფაქტობრივად, აღნიშნულ სფეროში მათ კონკურენტები არ ჰყავთ.
“ამ ეტაპზე, უცხოურ ბაზარზე არ ვართ. მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში შეგვიძლია, საექსპორტოდ რეალიზება გავუწიოთ ნედლეულ წაბლს, რომლის მიმართაც წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა, სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ მეტად გავაშენებთ წაბლებს და ამით როგორც ეკონომიკას, ასევე, ბუნებასაც დავეხმარებით. ვინაიდან წაბლი წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეა – სჭირდება მოფრთხილება. თითო ნერგის დარგვითაც შეგვიძლია, კარგი საქმე გავაკეთოთ”, – ამბობს გურამ გუდაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.