უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, შეიძლება ითქვას, ბრძოლის ველზე მთელი ქვეყანა გააერთიანა. კაცები, ქალები, ახალგაზრდები, მოხუცები – უკრაინელები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები – ოკუპანტების წინააღმდეგ დღემდე ყველა ერთად იბრძვის. თუმცა, ცხელ წერტილებში მებრძოლი ქალბატონების ფოტოები საზოგადოებაში მეტ ემოციას იწვევს. ეს რეალობაა – ტყვიების ქარცეცხლში დღეს ქალს არაფრის ეშინია. მათ შორის, დღეს ბრძოლის ველია ქვეყნის თითოეული მონაკვეთი, სადაც დედას შვილს საკუთარი სხეულით იცავს.
ჩვენ არაერთი კადრი ვნახეთ ამ თემატიკის ჭრილში. ზოგიერთ მათგანში დედები შვილებს ემშვიდობებიან და, ჯერჯერობით, ჩვენ არ ვიცით, როგორები იქნებიან ეს ქალები ომის შემდგომ, რა კვალს დატოვებს ომი მათ ყოველდღიურობაზე. დღეს იარაღი დედებისთვის მთავარი ატრიბუტია შვილების დასაცავად.
მათ შორის, ვერხოვნა რადას დეპუტატმა, კირა რუდიკმა სოციალურ ქსელ “ტვიტერ”-ში ფოტო გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ “კალაშნიკოვის” დაშლა და აწყობა სულ რამდენიმე დღის წინ ისწავლა, რადგან ამის საჭიროება დადგა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოწინააღმდეგეების დათვლისას ქალები არ მოიაზრა, რა დროსაც ის შეცდა. ქალები ისეთივე წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტებს, როგორსაც მამაკაცები.
ძალიან კარგად გვახსოვს ფოტო, რომელზეც ორსული ქალბატონია ასახული. ის სამშობიაროს დაბომბვას ნამდვილად სასწაულებრივად გადაურჩა. მარიანას, ცხადია, არასდროს წარმოედგინა, რომ საკუთარი შვილი დაბადებიდან ბომბებისგან დასაცავი იქნებოდა. მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვიდან სულ მალე, სამყაროს მია მოევლინა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმართვა, რომელიც 97 წლის, უკრაინელ ბებოს ეკუთვნის და ის პუტინს მიმართავს. “მე გადავურჩი ჰოლოდომორს. მე გადავურჩი ჰიტლერსა და გერმანელებს, შევესწარი დონბასის აღდგენას. გადავურჩები ლილიპუტინსაც, მის კალიებთან ერთად. დიდება უკრაინას!“, – წერს ის.
სულ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში პრესკონფერენცია გამართა, სადაც, მათ შორის, უკრაინელი ქალბატონების სიმამაცეს, აღფრთოვანებულმა, ხაზი გაუსვა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ გაოცებულია 30 წლის ქალბატონის სიმამაცით, გულადობით, როდესაც ის ტანკს შიშველი ხელებით აჩერებს.
მარია ბებოს ფოტოც ჩვენთვის ცნობილია. ის ქალაქ ტერნოპოლიდანაა. ბებომ არ დატოვა საკუთარი სახლ-კარი, რათა უკრაინისთვის მებრძოლი ჯარისკაცებისთვის პური გამოეცხო და საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
კიდევ უამრავი ქალბატონია, რომელთა შესახებ ჩვენ ჯერ არც კი ვიცით. ისინი შიშველი ხელებით, საკუთარ შვილებთან ერთად, მათ დასაცავად და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, შეიარაღებულ ოკუპანტებს გზებზე აჩერებენ და უკან აბრუნებენ. თითოეული აკეთებს იმას, რის შესაძლებლობაც აქვს. ყოველი მათგანი დღევანდელი რეალობის გმირია. საბოლოოდ, ძალა სწორედ ერთობაშია.