ნებისმიერმა მშობელმა იცის, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ბავშვის აღზრდა – მუდმივი დილემები, სწორისა და არასწორის განსჯა უკვე ყოველდღიურობაა, როდესაც დედა ან მამა ხდები. ნებისმიერ შემთხვევაში, აღზრდის მეთოდები განაპირობებს შედეგებს, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. მშობლები ბავშვებს სხვადასხვა შემთხვევაში სჯიან და პირიქით, აქებენ სხვადასხვა საქციელის გამო. საინტერესოა, რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მიზნად ბავშვის სწორად აღზრდას ვისახავთ. “თბილისი თაიმსს” ფსიქოლოგი, მარიამ იველაშვილი ესაუბრა.
ადამიანების კატეგორიზაციის მომხრე არ ვარ, ჩემი აზრით, და არამარტო, თითოეული ადამიანი განსხვავებულია, თავისი ფიზიკური, მენტალური და ემოციური გამოცდილებით, რაც თავისთავად მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აღზრდის მეთოდების გამოყენება, რომელიც საშუალებას მისცემს პატარას, თავისი ინდივიდუალიზმი მაქსიმალურად განივითაროს.
რა მეთოდებით არის მიღებული ბავშვის დასჯა და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ დროს?
პოზიტიური აღზრდის მეთოდები და პოზიტიური მშობლობა ამ საუკუნის გამოწვევად რჩება. იგი გულისხმობს ბავშვის აღზრდას დასჯა-წახალისების მეთოდით. ბავშვს ვსჯით იმის არქონით, რაც მას ყველაზე მეტად უნდა. უნდა გამოირიცხოს ყველა ფორმა, რომელიც ბავშვის პიროვნული ღირსების გრძნობას ეხება. ხოლო როცა კარგად იქცევა, ვახალისებთ იმავე მეთოდით, ვაძლევთ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს და ვაქებთ.
რა შემთხვევაში ექნება უარყოფითი შედეგი ბავშვის მუდმივ ქებას?
მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ბავშვის შექება უნდა იყოს რეალური და სამართლიანი. მაშინ, როცა იგი დაუმსახურებელ შექებას იღებს, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს მისი თვითშეფასების ზედმეტად აწევა ან დაწევა, რაც მისი შესრულებული დავალებების ხარისხზე აუცილებლად იქონიებს გავლენას ახლაც და მომავალშიც.
ყველაზე ეფექტური მეთოდი ბავშვის აღზრდაში არის ის, რომ გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორიც არიან და არ მოვატყუოთ.