საქარველოს ისტორიის ერთ-ერთი მძიმე თარიღიდან, 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, სსრკ-ს შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს, რასაც მხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილმა გულანთებულმა მოქალაქეებმა ბოლომდე დაიცვეს ქვეყნის თავისუფლება და სამშობლო უდიდესი განსაცდელისგან საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
33 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
დიდება გმირებს!
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა