უკვე ორ წელზე მეტია, რაც სამყარო კოვიდპანდემიასთან ერთად თანაარსებობს. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად. ამ დროისთვის, ეპიდსიტუაცია საქართველოში შედარებით მშვიდია. თუმცა, მათ ნაწილს, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა, დღემდე აწუხებს სხვადასხვა პრობლემა, რომელიც უკვე თვეებია, გრძელდება. ასეთ შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია, არსებობდენ ქვეყანაში პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრი და რას შეუწყობს ხელს მსგავსი დაწესებულებები – “თბილისი თაიმსს” პროფესორი, ექიმი–თერაპევტი, მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
“პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრი, წესით, უნდა არსებობდეს. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, რადგან კოვიდმა, თავისი მიმდინარეობით, გვაჩვენა, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე ახალი დაავადების აღმოცენების სათავე გახდა. ამიტომ, ძალიან ბევრ ადამიანს, ჯერ კიდევ ადრევე გადატანილი კოვიდის დროს, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომები დღემდე აქვს. მათ შორის, ხშირად აღნიშნავენ, რომ გავიდა ექვსი, ცხრა თქვე და ყნოსვა და გემოს შეგრძნება ჯერ კიდევ არ დაბრუნებიათ.
პრობლემები არის სხვადასხვა ხასიათის. ეს შეიძლება, იყოს რადიოლოგიური, გულსისხლძარღვთა სისტემის, გასტროენტეროლოგიური და ა.შ. ამ ეტაპისთვის, ზოგადად, ეპიდსიტუაცია წყნარია, მაგრამ კოვიდმა ძალიან ბევრი ადამიანის მდგომარეობა სისტემურად დააზიანა. ვგულისხმობ ერთდროულად რამდენიმე სისტემას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც ერთი სისტემის მოშლის შემთხვევაშიც”, – განმარტავს ბულეიშვილი და აღნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც, პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრის არსებობის შემთხვევაში, მოხდება ადამიანის შეფასება.
“ზოგმა ძალიან მარტივადაც გადაიტანა, მაგრამ მაინც ჰქონია პოსტკოვიდური სიმპტომი. თუკი დაიგეგმება პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრების არსებობა, ასეთ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს გარკვეული კრიტერიუმები. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კოვიდი გადატანილი. შესაძლებელია, ყველამ მოინდომოს მსგავსი ცენტრებით სარგებლობა. ამას, თავისთავად, ვერცერთი ცენტრი გაწვდება და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაც იქნება. მაგრამ, ალბათ, უნდა არსებობდეს ისეთი მიმართულება, რომლის მიხედვითაც, პაციენტის სრული შეფასების შემთხვევაში, ადამიანი ჩაერთვება ზემოაღნიშნულ პროგრამაში”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.