შესაძლებელია თუ არა საქართველოში ბიზნესის დაწყება მაშინ, როდესაც ამისთვის ფინანსები არ გაქვს. ანუ, შესაძლებელია თუ არა ბიზნესის ნულიდან დაწყება? შეიძლება ითქვას, ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იდეა, რომლის განხორციელებაც სურს. ხელისშემშლელი ფაქტორიც არაერთია. მათ შორის, თანხების არქონა. გაყიდვების სპეციალისტი, სოფო გოლეთიანი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას ორ განსხვავებულ შემთხვევას განიხილავს.
“ჯერ ჩნდება იდეა, მერე – გეგმა მის ირგვლივ. ეს გეგმა იწერება სხვადასხვა მიმართულებით. უნდა მოვიყვანოთ მაგალითი – პირობითად, იდეა არის გაყიდვებში საკონსულტაციო ფირმა. დამწყებმა ბიზნესმენმა ამ იდეის განხორციელება გადაწყვიტა. მას აქვს შესაბამისი გამოცდილება. იმის გამო, რომ პროდუქტი არ არის მატერიალური, მას არ სჭირდება მაღაზიაში დადება, ის უბრალოდ სერვისია – მომსახურება. ამ იდეას სჭირდება მომხმარებლამდე მიტანა. ერთია – სანაცნობო წრე და მეორე – შევქმნათ სოციალური გვერდი. პირობითად რომ ვთქვათ, ჯერ ვარეგისტრირებთ ჩვენს კომპანიას, ვარქმევთ მას სახელს და ვქმნით გვერდს. დაგვჭირდება გრაფიკული დიზაინერი და კიდევ არაერთი სხვა. ეს ბიზნესი მარტივია. მომხმარებელი ინტერესდება, გვწერს სოციალურ ქსელში და გვეკითხება, რა ტიპის კონსულტაციას ვეწევით. საბოლოოდ, ის მოდის ჩვენამდე. აქ თანხა საჭირო არ არის, რადგან ინვესტიცია შენშია, შენ ყიდი სერვისს”, – განმარტავს სოფო და იმ შემთხვევასაც განიხილავს, რა არის საჭირო მაშინ, როდესაც ჩვენი ბიზნესიდეა მატერიალურ ინვესტიციას უკავშირდება.
“მაგრამ როდესაც ჩვენ, მაგალითად, გვინდა, გავყიდოთ სადეზინფექციო სითხე, აქ უკვე საუბარია, ვინ აწარმოებს მას – ჩვენ ვაწარმოებთ თუ ვყიდულობთ და ვყიდით. აქ უკვე ჩნდება ფინანსების აუცილებლობა. ინტელექტუალური ცოდნა გაზიარებადია თანხების გარეშე, მაგრამ მატერიალურ ინვესტიციას ის სჭირდება. სადეზინფექციო სითხის შემთხვევაში, ჩვენ ვპოულობთ მომწოდებელს, რომელიც მას გვაწვდის ძალიან იაფად და ვიწყებთ დეტალების გარკვევას, ამას სჭირდება ფული – ან ვპოულობთ ადამიანს, რომელსაც ჩავადებინებთ ინვესტიციას და ვაძლევთ მას ბიზნესის წილს. პარალელურად, მაინც არის საჭირო სოციალური გვერდი.
ბიზნესი ნულიდან იწყება – ეს არის იდეა, მოტივაცია – რომ მას რეალობად აქცევ და შემდეგ უკვე უნდა გადაწყვიტო, მას მარტო აკეთებ თუ გჭირდება გუნდი. ძალიან ბევრი ბიზნესია, რომელიც არის სტარტაპი. თუმცა, ნებისმიერ ვარიანტში, ყოველი სტარტაპ ორგანიზაცია ეძებს ინვესტორს, რომელიც პირველ თანხას გაიღებს. ძალიან კარგია, რომ დღეს საქართველოში არსებობს, მათ შორის, “აწარმოე საქართველოში”. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგარემო არის. თუ საქართველოში გაქვს იდეა და არ გაქვს ფული, შეგიძლია, ბიზნესი დაიწყო ნულიდან. ოღონდ – იდეა უნდა იყოს განსხვავებული და გუნდი – კრეატიული”, – ამბობს სოფო გოლეთიანი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.