“რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მივლენ ურთიერთშეთანხმებამდე. მაგრამ, რამდენადაც მე შემიძლია – ვივარაუდო, ჯერჯერობით, შეთანხმების მიღწევამდე შორია იმ მოვლენების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში მოხდა.
როგორც ვხედავთ, მოლაპარაკებები შეწყვეტილია, მაგრამ ერთერთი სავარაუდო სცენარი შესაძლოა, იყოს ის, თუ უკრაინას შეეძლება, საერთოდ გამორიცხოს ყირიმის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი, რაც ნაკლებად დასაშვებია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
ანალიტიკოსმა აქცენტი უკრაინაში ომის დასრულების სავარაუდო სცენარებზე გააკეთა.
“მეორე სცენარი შესაძლოა, იყოს ის, რომ უკრაინამ საერთოდ თქვას უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე. სხვა სცენარებს მე, ჯერკერობით, ვერ ვხედავ. ეს ვერსიებიც კი არის ძალიან პირობითი, მოვლენების საუკეთესო განვითარების შემთხვევაში. დღეს, ფაქტობრივად, იმ განცხადებების ფონზე, რაც ჩვენ გვესმის დასავლეთისგან და რა ქმედებებსაც ის ახორციელებს, ვგულისხმობ უკრაინაში მზარდ ტექნიკურ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, თავისთავაც მცირდება კომპრომისის ველი. რამდენჯერ მეტ იარაღსაც უკრაინა მიიღებს, იმდენად მეტი შესაძლებლობა ექნება მას, გააგრძელოს ომი. შესაბამისად, კომპრომისის ველი სულ უფრო და უფრო მცირდება და მხარეთა პოზიციებიც სულ უფრო შეურიგებელი გახდება.
დაახლოებით, სამი კვირის შეიძლებოდა სავარაუდო სცენარებზე საუბარი – სანამ იქნებოდა ბუჩას, მარიუპოლის შემთხვევები, დღეს უკვე, გარკვეუწლილად, შეცვლილია მდგომარეობა. ჩემი სამწუხარო პროგნოზია, რომ საომარი მოქმედებები კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.