ჩემპი – სწორედ ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც მომხარებელს ჯანსაღ, ინოვაციურ, სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებულ ვაშლის ჩიფსს სთავაზობს. პროდუქტი სხვადასხვა სახეობისაა, თითოეულ მათგანს კი ხრაშუნა ტექსტურა აერთიანებს. იდეის ავტორები თამარ შეითნიშვილი, ნონა ნონიაშვილი და შაკო მძინარაშვილი არიან. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” თამარ შეითნიშვილი ესაუბრა.
ჩვენი საწარმო მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს. თავიდანვე, როდესაც ბიზნესი დავიწყეთ, ავიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენი მიზანი გახლავთ, გავაძლიეროთ ადგილობრივები, განსაკუთრებით – ქალები, რათა მათ მიიღონ სტაბილური შემოსავალი და განვითარდნენ.
როგორ გაჩნდა იდეა?
ჩვენ გახლდით აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები. აქ დავიწყეთ ექსპერიმენტები და ბიზნესიდეებზე ფიქრი. ერთერთი მნიშვნელოვანი მიგნება იყო შრობის ინოვაციური მეთოდი, რომლის გამოყენებითაც ვაკეთებთ ვაშლის ჩიფსებს. პირველი პროდუქტი იყო წითელი ვაშლის – აიდარიდის ჩიფსი, რომელიც ყველა სხვა პროდუქტისგან განსხვავდება იმით, რომ არ აქვს არანაირი დანამატი. მხოლოდ ვაშრობთ, თუმცა, ჩვენი შრობის ტექნოლოგიის მიხედვით, არის ძალიან ხრაშუნა ტექსტურის და ინარჩუნებს ყველა იმ ვიტამინს, რაც ვაშლშია.
უკვე შემდეგ, ჩვენ დავამატეთ სხვადასხვა პროდუქტი ვაშლის ჩიფსების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ვაშლის ჩიფსების ინდუსტრია, რაც მოიაზრებს სხვადასხვა სახეობის, ვაშლის ჩიფსის შექმნას. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ვაშლის ბაზაზე ვამატებთ ნატურალური ხილის წვენს, მაგალითად, ალუბლის ვარიაციით, შედეგად, ვიღებთ ვაშლის ჩიფსს ალუბლის გემოთი, მანგოს გემოთ, სტაფილოს გემოთი…
რამდენი სახეობის ჩიფსს აწარმოებთ?
დღესდღეობით, გვაქვს 12 სახეობის ვაშლის ჩიფსი. სამი სახეობა გახლავთ ორიგინალი – აიდარიდი, გოლდენი და მწვანე ვაშლი. დანარჩენი უკვე არის ხილისა და ბოსტნეულის გემოთი. ისინიც ასევე არის ჯანსაღი კონცეფციის.
კონკრეტულად, სად არის ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქტი?
ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქტი იყიდება თბილისში: “ევროპროდუქტში”, “აგროჰაბში”, “გუდვილში”, “ნიკორაში”, ასევე, “გლოვოსა” და “ვოლტზე”. გარდა ამისა, პროდუქტი ექსპორტზე გაგვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს – პროცესში ვაშლის რა ნარჩენებიც რჩება, ამით ვაკეთებთ ახალ ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც არის ტყპალის მსგავსი, თუმცა, ხრაშუნა ტექსტურის, რადგან ვამზადებთ ჩვენი ტექნოლოგიით, გვაქვს სურვილი, მომხმარებელს შევთავაზოთ მრავალფეროვანი ასორტიმენტი.