მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ისეთ დროში ვიმყოფებით, სადაც ადამიანები ყოველდღიურობის მაქსიმალური გამარტივებისკენ ისწრაფვიან, ბალანსის დაუცველობამ შესაძლია, ძალიან დიდ, ზოგჯერ გამოუსწორებელ პრობლემებამდეც კი მიგვიყვანოს. ამ შემთხვევაში, უნდა ვთქვათ, რომ მოზარდების ზედმეტად დიდი ინტერესი ინტერნეტის, ზოგადად, ეკრანის მიმართ საგანგაშოც კია.
რადგან ჩვენ მუდმივად ტექნიკური მიღწევებისა და წინსვლის ეპოქაში ვიმყოფებით, მოზარდებს აქვთ უწყვეტი ინტერესი, ხშირად – უკონტროლო, რომ დააკვირდნენ ამ ცვლილებებს. ამის გამო, ისინი, არცთუ ისე იშვიათად, რეალობას შორდებიან და ქმნიან საკუთარ სამყაროს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამ მხრივ, მშობლების უდიდესი ყურადღება ადრეული ასაკიდანვე – როდესაც ბავშვის გონება ჩამოყალიბებას იწყებს და ადვილად მართვადია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შვილებს არ დავუშლით ინტერნეტით სარგებლობას, დროის გასვლასა და ასაკის მატებასთან ერთად, მისი მოთხოვნილებაც – მეტი დრო გაატაროს ეკრანთან, გაიზრდება. ის, პრაქტიკულად, ვეღარ შეძლებს, უარი თქვას მასზე.
ასეთ დროს, ბავშვისთვის საათები უსწრაფესად გადის. მას არ რჩება დრო სხვა აქტივობებისთვის, ამის არც სურვილი გააჩნია.
რას უნდა მიაქციოს მსგავს შემთხვევაში მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება?
როგორც წესი, ეკრანთან დიდი დროის გატარების შემთხვევაში, მოზარდის განწყობა, მისი ხასიათი ნელ-ნელა იცვლება. იზრდება გაღიზიანებადობა, აგრესია – ბავშვი ვეღარ ახერხებს, საკუთარ ემოციებს კონტროლი გაუწიოს. უჭირს დაძინება, კონცენტრირება ის მოცემულობებზე – რაც მის ასაკს შეესაბამება. უჭირს სიახლის, გაკვეთილების ათვისება და მუდმივად შფოთავს.
დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, მშობელთა ნაწილისთვის კონკრეტულ მომენტში შვილისთვის მობილურით ან სხვა მსგავსი ნივთით სარგებლობის უფლების მიცემა არის “გამოსავალი”. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მოვლენა მათ ეხმარებათ, მარტივად დააძინონ შვილი, უპრობლემოდ მიაღებინონ საკვები ან, უბრალოდ, აღარ იტირონ, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეკრანდამოკიდებულება არაერთი ფიზიკური დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.