“ვფიქრობ, ყველას თავისი ხელწერა აქვს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა” – ასე აფასებს ხელოვანი, ნატალია ინაშვილი საკუთარ ნამუშევრებს.
თოჯინების დამზადების პროცესი მან ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარულის შედეგად დაიწყო. აქვს საკუთარი ისტორია, რამაც ამ მხრივ მისი ინტერესი გამოიწვია. ნამუშევრები რეალისტურია, ყველა დეტალი დიდი შრომის შედეგია, რასაც მხოლოდ საქმისადმი დიდი სიყვარული განაპირობებს.
ნატალია “თბილისი თაიმსს” უამბობს, როგორ იქმნება მისი თოჯინები, რა სირთულეებთან არის პროცესი დაკავშირებული და კიდევ რა ინტერესები აქვს მას.
თოჯინებს რა მასალისგან ქმნით?
ძირითადად, ვმუშაობ პოლიმერულ თიხაზე. ვძერწავ და შემდგომ იწვება ღუმელში. ტანი კარკასული და სინდიპონისაგან ითექება, საკმაოდ შრომატევადი საქმეა.
რით განსხვავდება თქვენი ნამუშევრები სხვებისგან?
ვფიქრობ, ყველას თავისი ხელწერა აქვს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა – ძირითადად, ჩემი თოჯინები რეალისტური სახის ნაკვთებითაა. თმის ფერი, ვარცხნილობა, სამოსის ფერთა პალიტრა და ფეხსაცმელიც, ვცდილობ, ასევე შესაბამისობაში მოდიოდეს. ეს ყველაფერი ქმნის სრულყოფილ ნამუშევარს
პროცესის შესახებ რომ გვიამბოთ – როგორ იქმნება თქვენი თოჯინა?
თავდაპირველად, იძერწება სახის ნაკვთები, რაც ყველაზე რთული და საინტერესო პროცესია. შემდგომ – ფეხისა და ხელის კიდურები. დიდი მნიშვნელობა აქვს ხელის თითებს – მომწონს ნატიფი თითები.
ტანი კარკასით იწყობა და შემდეგ სინდიფონით ითექება. სახე და ხელ-ფეხი უნდა გამოიწვას. უკეთდება მაკიაჟი, ანუ სახის მოხატვა და თმები. ვცდილობ, გამოვიყენო ნატურალური, დამუშავებული ბეწვი. ამის შემდეგ, იწყება კიდევ ერთი, საკმაოდ შრომატევადი საქმე – ეს არის სამოსის შექმნა.
სიანტერესოა, რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ მხრივ?
ზოგადად, ძალიან მიყვარს ხელოვნება. სოციალურ ქსელში ვნახე ერთერთი მეთოჯინეს ნაკეთობა და იმდენად მოვიხიბლე მისი ნამუშევარით, რომ გადავწყვიტე, მეც შემესწავლა. დავუკავშირდი ერთერთ უძლიერეს მეთოჯინეს თბილისში, იულია სოროკინას და მასთან შევისწავლე.
გარდა თოჯინების შექმნისა, ხელოვნების სხვა მიმართულებებით თუ ხართ დაინტერესებული?
ამ რამდენიმე თვის უკან დავინტერესდი ქანდაკების გამოძერწვით. აქაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. აქაც მოვსინჯე ჩემი თავი და ძალიან სასიამოვნო, საინტერესო პროცესია. ხელოვნებას რაც ეხება – მუდმივ ძიებაში ვარ. მინდა – ყველაფერი შევისწავლო.