ქართული ბადაგის პირველი ენერგეტიკული სასუსნავი – ასე ხასიათდება პროდუქტი, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი თვეა, რაც ქართულ ბაზარზეა. ბრენდის სახელია “სუსნე“. საინტერესო იდეისა და განსხვავებული კონცეფციის გამო, ის მომხმარებლისთვის სულ მოკლე პერიოდში გახდა მოთხოვნადი.
ბრენდის დამფუძნებლები ნანა ნონიაშვილი და თეონა შეითნიშვილი არიან. პროდუქტის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. სწორედ ამის შესახებ ესაუბრა ნანა ნონიაშვილი “თბილისი თაიმსს”.
ჩვენი ბიზნესი გახლავთ ტრადიციული ჩურჩხელის რეცეპტურის დახვეწითა და ინოვაციური წარმოების მეთოდით შექმნილი, ჯანსაღი, ენერგეტიკული სნექები. ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ ორი სახეობის პროდუქტს – საფერავისა და რქაწითელის, მუქი და თეთრი “სუსნე”. დაახლოებით, ორი თვეა, რაც პროდუქტი ბაზარზეა. ის იყიდება “კავეა”-ს კინოთეატრებში, “ბაზარი ორბელიანზე”, ასევე, ხელმისაწვდომია “გლოვო”-სა და “ვოლტ”-ზე. ვაპირებთ, ეტაპობრივად შევიტანოთ ის წამყვან ქსელურ მარკეტებში.
პროდუქტი აშკარად გამორჩეულია – როგორ გაჩნდა იდეა?
ხშირად ჩავდიოდით კახეთში. ჩართულები ვიყავით ჩურჩხელის დამზადების პროცესში და ვადევნებდით ამას თვალს. სასარგებლო თვისებების გამო, ჩურჩხელა ძალიან კარგი პროდუქტია, აქვს საინტერესო ისტორია, მაგრამ იმის გამო, რომ, მაგალითად, შეიცავს ძაფს და აქვს მოუხერხებელი ფორმა, მწარმოებლები ვერ ახერხებენ, ის გლობალურ მასშტაბებზე გაიტანონ. ეს პრობლემები აღმოვაჩინეთ და მივხვდით, რომ შეგვეძლო, ისეთი გზა მოგვეფიქრებინა, რომლითაც ეს პროდუქტი მსოფლიოს საინტერესო სახით წარედგინებოდა. სწორედ ასე დაიბადა იდეა.
თქვენი შეთავაზება მხოლოდ საქართველოშია ხელმისაწვდომი?
იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციებზე დაფუძნებული, ინოვაციური და ენერგეტიკული სნექები მოთხოვნადია გლობალური მასშტაბით, ჩვენ ვაპირებთ, რომ “სუსნე” აუცილებლად გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მთავარი მიმართულებები იქნება ამერიკა და ევროპა, სადაც მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.
მომხმარებლის დამოკიდებულება როგორია – ხშირად მოგმართავენ?
ჩვენ უკვე პირდაპირი კონტაქტი დავამყარეთ მომხმარებელთან. რამდენიმე თვის მანძილზე, დეგუსტაციებითა და კვლევებით ვადგენდით, ვინ იყო ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი. გამოიკვეთა, რომ ჩვენი შეთავაზება მომხმარებლისთვის იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ეს იმიტომ, რომ ძალიან უყვართ ჩურჩხელა, “სუსნეს” კონცეფცია არის საინტერესო, გემრიელია. მცირე პერიოდში ის საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.