2022 წლის მარტში საქართველომ ტურიზმიდან 175 მლნ დოლარი მიიღო. აღნიშნული 2019 წლის მონაცემების 71.3%-ია, რაც პანდემიის შემდეგ აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.
“კოვიდპანდემიამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა ინტენსიური ტურიზმის აქტივობებსა და სტრუქტურაში. საერთაშორისო ტურიზმის ხაზით, გვქონდა დაცემა, დაახლოებით – თუ რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებს გამოვრიცხავთ – თითქმის, 92-პროცენტიანი ვარდნა გვქონდა – ევროპასა და შორეულ ქვეყნებს ვგულისხმობ. თანდათანობით, სიტუაცია რეგულირდება და, ბოლო მონაცემებით, ეს მაჩვენებელი უკვე 2/3-ს გადაცდა”, – განმარტა არჩვაძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა, მათ შორის, ის, რომ საქართველოში ტრადიციული ტურიზმის სახით შემოსვლა შემცირდა.
“ომმა, ამ მხრივ, გავლენა ორნაირად მოახდინა – ერთი მხრივ, ტრადიციული ტურიზმის სახით შემოსვლა შემცირდა – ვისაც დასვენება-რელაქსაცია სურდა. სამაგიეროდ, გაიზარდა “იძულებითი საქმიანი ტურიზმი” ან კიდევ ბიზნესის წამოწყების მიზნით საქართველოში შემოსულთა რაოდენობა. ფულის ხარჯვის მიხედვით, ამ მხრივ არსებითი ცვლილება არ მომხდარა – თვითონ ტურიზმის სტრუქტურა, გარკვეულწილად, შეცვლილია. ეს კი უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.