“რუსეთის ბაზრის, ფაქტობრივად, ჩაკეტვამ – მე ვგულისხმობ საერთაშორისო სანქციებს, წარმოქმნა მთელი რიგი პრობლემები არა მხოლოდ გადარიცხვებში, ანგარიშსწორებაში, ასევე – მიწოდებაშიც, ანუ ტრანსპორტირებაში. ბუნებრივია, ეს ჩვენ წინაშეც ქმნიდა ამოცანებს, რომ რუსეთის ბაზარზე, რომელიც იყო ჩვენი ერთერთი წამყვანი საექსპორტო ბაზარი, გვექნებოდა გარკვეული პრობლემები. ეს გამოჩნდა მარტშიც – მაგალითად, ექსპორტის ზრდა რუსეთის ბაზარზე არის ყველაზე დაბალი მთელს რეგიონში. მარტში ეს იყო, დაახლოებით, 2.8 % პროცენტი, როდესაც იგივე აზერბაიჯანში, სომხეთში, საშუალოდ, 30 %-ია ზრდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცადა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ქართული პროდუქციის გატანა სხვა ბაზრებზე გადანაწილდა.
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანის ტემპი შენელდა, ის გადანაწილდა სხვა ბაზრზებზე. მაგალითად, ძალიან არის გაზრდილი ექსპორტი აშშ-ში, ჩინეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩინეთი ბოლო წლებში საკმაოდ კარგი საექსპორტო ბაზარი იყო ჩვენთვის. სხვათა შორის, სარეკორდოდ არის ექსპორტი გაზრდილი ყაზახეთში. რაც მთავარია, სამხრეთ ამერიკაში არის გატანილი ქართული პროდუქცია – პერუში, რომელიც არის ამერიკის წამყვანი ეკონომიკის ქვეყანა. ექსპორტის ასეთი მაღალი ზრდა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკის გადაწყობა ხდება. ჩვენი ექსპორტი იწყებს დივერსიფიცირებას სხვა ბაზრებზე, სადაც აქამდე ჩვენ ძალიან მცირე წილით ვიყავით წარმოდგენილი. ჩვენი საექსპორტო პროდუქციის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება.
არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი. ეს არის გლობალური შოკი. ამიტომ, რაც უფრო დროულად გადაეწყობა ქართული ეკონომიკა ახალ რეალობაზე, ჩვენთვის მომგებიანი იქნება. გვექნება ალტერნატიული ბაზარი, შემოვა მეტი ვალუტა და უფრო ნაკლები იქნება ამ შოკის ზეგავლენა”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.