იდეა, რომელსაც საინტერესო ისტორია და სასარგებლო მიზნები აქვს – საქართველოში თუნუქის ქილების წარმოება გახლავთ საკითხი, რომელიც ფერმერებს არაერთ პრობლემას გადაუჭრის და მათი ყოველდღიურობა გაცილებით კომფორტული იქნება, როგორც “თბილისი თაიმსს” ზაზა ჭუმბურიძე უამბობს, ამ იდეის ხორცშესხმისთვის საჭირო იქნება როგორც სახელმწიფოს ხელშეწყობა, ისე – დონორი ორგანიზაციების ჩართვა. დეტალებზე ის თავად საუბრობს.
რა წარმოადგენს თქვენს მიზანს?
ჩემს მიზანს წარმოადგენს, საქართველოში შეიქმნას საწარმო, რომელიც აწარმოებს თუნუქის ქილებს, სხვადასხვა ფორმის, ზომის და მოცულობის. შემდგომ კი ამას მოყვეს მრავალი სახის საკონსერვო საწარმოების განვითარება, რომლებიც არასდროს ყოფილა საქართველოში, მაგრამ დიდი ხანია, არსებობს სხვა ქვეყნებში.
ფერმერების მუდმივი პრობლემა – „როგორმე მოვასწროთ და მალფუჭებადი პროდუქტი გავყიდოთ“ – გადაიჭრება მათი კონსერვაციით და შენახვის ვადა 2 კვირიდან 2-3 წელიწადამდე გაიზრდება. მათ, რა თქმა უნდა, დასჭირდებათ დახმარება როგორც სახელმწიფო, ისე – დონორი ორგანიზაციების მხრიდან (USAID, GIZ, Danish council )
საინტერესოა, საიდან გაჩნდა იდეა?
ეს ძალიან უცნაური ისტორიაა. თუ გახსოვთ, იყო პერიოდები, როდესაც კახეთში გლეხებს მუდმივად ექნებოდათ პრობლემები ატმის რეალიზაციის კუთხით, ვადაგასულ და გაფუჭებულ ხილს მდინარეებშიც კი ყრიდნენ. ბევრი ქართველი იყო შეწუხებული ამ პრობლემით, მეც – მათ შორის. რატომღაც, ამავე პერიოდში „შემომეჩეხა“ ერთი ძველი ბერძნული ფილმი, სადაც სიმღერა სრულდება ატმის ბაღებში და სადაც ამავე ბაღებში ღია ცეცხლზე მიმდინარეობდა ატმის კონსერვაციის პროცესი, თუნუქის ქილებში.
მაშინ ვიფიქრე, რატომ არ შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ საქართველოში, გურჯაანში, სადაც საკმაო რაოდენობის ატმის ბაღები გვაქვს?! რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუნუქის ქილის იმპორტი, თუნდაც, ჩინეთიდან. მაგრამ წარმოიდგინეთ, ათიათასობით კილომეტრის დაშორებით მოგაქვთ ცარიელი ქილები, ანუ, პრაქტიკულად ჰაერს ეზიდებით. ეს არ არის გამართლებული ეკონომიურად. ზოგადად, შესაფუთი მასალა ყოველთვის პრობლემა იყო საქართველოში, მაგრამ ეს დარგი ნელ-ნელა ვითარდება. მაგალითს მოგიყვანთ: სანამ არ დაიწყო ღვინის ბოთლების წარმოება, ქვეყანაში მეღვინეობა ძალიან სუსტად იყო განვითარებული, დღეს კი ასობით მსხვილი და მიკრო მარანი გვაქვს ქვეყანაში, სადაც ისხმება საუკეთესო ღვინოები და გადის მსოფლიო ბაზრებზე. იმავე ბიძგს მისცემს „თუნუქის ქილა“ საკონსერვო წარმოებას.
ამჯერად, რა ეტაპზე ხართ?
ამჯერად, ვცდილობთ ამ იდეის პოპულარიზაციას სოციალური ქსელის მეშვეობით, ვმუშაობთ ბიზნესგეგმაზე: კაპიტალური და საოპერაციო ხარჯების დადგენა-დაზუსტება, დანადგარების მომწოდებლების გამოვლენა (ორიენტაცია აღებულია იტალიურ დანადგარებზე). ასევე, ჩინეთიდან მასალის მომწოდებლის გამოვლენა (მოთუთოებული ფოლადის ხვეულები) შენობის პარამეტრების, პროექტირება-მშენებლობის ხარჯების დადგენა, ნიწის ნაკვეთის მოძიება (ვფიქრობთ, საწარმო უნდა განთავსდეს თბილისი-საგარეჯოს გზის მიმდებარედ). ასევე, ვმუშაობთ იურიდიულ საკითხებზე სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისათვის.
კონკრეტულად, როდის იგეგმება იდეის ხორცშესხმა?
საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ 1 წელიწადში სავსებით შესაძლებელია წარმოების დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ინვესტირებაში ჩაერთოს ძალიან ბევრი ადამიანი და პროექტი გახდეს ნამდვილად „საერთო სახალხო“, ღია და გამჭვირვალე ფინანსურ-იურიდიული კუთხით. ყველა ეტაპი იქნება საჯარო და გამჭვირვალე.
სხვა პროდუქციის წარმოებასაც თუ გეგმავთ?
ჩვენი გეგმით, გვინდა, მაქსიმალურად ფართო ასორტიმენტი ვაწარმოოთ ყველა იმ შეფუთვის, რასაც „თუნუქის ქილა“ ესაჭიროება. პირველ ყოვლისა, კვების პროდუქტების წარმოებისათვის, აქ საუბარია არა მარტო ხილის (ატამი, გარგარა), არამედ – ტომატის პასტის, ლობიოს, სიმინდის, ხორცის პროდუქტების (ე.წ. ტუშონკა), თევზის კონსერვების, არამედ, ასევე, ცალკეული ქიმიური მრეწველობის პროდუქციის შეფუთვაზეც (საღებავები, გამხსნელები და ა.შ), რაც ჩაანაცვლებს იმპორტს და გახდება საექსპორტო პროდუქცია.