შეიძლება ითქვას, ჯადოსნურია სივრცე, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ. “მაიგალერი” გახლავთ ონლაინ პლატფორმა, რომელიც არაერთი მხატვრის ძაალიან ბევრ ნამუშევარს უყრის თავს. აქ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს სასურველი თემატიკის, ღირებულების ნახატი და აღნიშნული მომსახურება არის ძალიან მარტივი. იდეის, მომხმარებლის დამოკიდებულებისა და პლატფორმის მთავარი მიზნის შესახებ, “თბილისი თაიმსს” “მაიგალერის” დამფუძნებელი, მარი დათიშვილი ესაუბრა.
დეტალურად რომ გვითხრათ, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
“მაიგალერი” ონლაინ პლატფორმაა, რომელიც უკვე ათეულობით მხატვარს აერთიანებს და მათ ნამუშევრებს ონლაინ წარმოგიდგენთ ვებგვერდზე mygallery.ge ჩვენ ვთანამშრომლობთ მხატვრებთან და მათ ნამუშევრებს ტრადიციული საგამოფენო სივრცეების ნაცვლად ციფრულ არხებში გთავაზობთ.
“მაიგალერიზე” ხელოვნების ნამუშევრების მარტივად შეძენაა შესაძლებელი. ჩვენი სურვილია, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს თანამედროვე ქართველი მხატვრებითა და მათი ნახატების შეძენით. ამიტომ, გვინდა, დროისა და ზედმეტი რესურსის დახარჯვის გარეშე, ნახატების ყიდვა ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს.
ვებგვერდზე ნამუშევრის ფოტოსთან ერთად, ყველა დეტალი: ზომა, მასალა, ტექნიკა, შესრულების წელი მოწესრიგებულად და ზუსტად არის მითითებული. შეგიძლიათ – ფილტრის დახმარებით თქვენთვის სასურველი ბიუჯეტი მიუთითოთ და შესაბამისი ნახატების არჩევანს გადახედოთ. მომხმარებელს საკუთარი საცხოვრებელი ან სხვა სივრცისთვის სასურველი ნახატის შერჩევა და შეძენა ონლაინ შეუძლია. შერჩეული ნახატი კი მათ მისამართზე 3 სამუშაო დღეში შესაბამის სერტიფიკატთან ერთად მიგვაქვს.
იდეა რის გამო გაგიჩნდათ?
5-წლიან ხელოვნების ნამუშევრების მოყვარულ კოლექციონერობას მოყვა დაგროვებული ცოდნა მომხმარებლის მხარეს. მივხვდი, რომ, ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციის მიუხედავად, არ არსებობდა ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელოვნებას ტექნოლოგიებთან დაამეგობრებდა.
ნამუშევრის დეტალების მოსაძიებლად, შეკითხვაზე პასუხის დაბრუნებას ხშირად რამდენიმე დღე ველოდი. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, ღიად და გამჭვირვალედ, ყველა დეტალისა და ფასის მითითებით იყოს ნამუშევრები ვებგვერდზე განთავსებული, სადაც უამრავ ავტორს და ნამუშევარს გაეცნობი და შენთვის სასურველს შეარჩევ.
ვაკვირდებოდი, რომ ხშირ შემთხვევაში ნამუშევარი თითქოს ცალკე მდგომად, ავტორზე ინფორმაციის გარეშე იყიდებოდა, ამიტომ, ჩვენს საქმიანობაში მხატვრებსა და მათ შემოქმედებით ცხოვრებაზე მეტი ინფორმაციის გავრცელებაც მოიაზრება.
გადავიღეთ „ამბავი მხატვარზე“ სერიის 3 ვიდეო, რაც ჩვენს სოციალურ ქსელებში და youtube არხზეა ხელმისაწვდომი.
მომხმარებლის ინტერესი რამდენად დიდია – ხშირად მოგმართავენ ნამუშევრების შესაძენად?
“მაიგალერი” 13 მაისს გაეშვა, რასაც სოციალურ ქსელებში წინასწარ ვაანონსებდით და პირველი შეკვეთაც სწორედ ამ დღეს მივიღეთ. ძალიან გვიხარია, რომ გამოხმაურება და ინტერესი მუდმივად მზარდია. უკვე გვყავს ისეთი მომხმარებლები, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან ათეულობით ნამუშევარი შეიძინეს.
ვცდილობთ, ყველა პროცესში უშუალოდ ვიყოთ ჩართულები და პირადად ვიცნობდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ონლაინ ნახატს ყიდულობენ. ნახატის მისამართზე მიტანისას, მნიშვნელოვანია ემოციური კავშირი, რადგან სხვა ნივთებთან შედარებით ნახატის უსიტყვოდ გადაცემა რთულია. გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებელმა ის ნამუშევარი შეიძინა, რომელიც მისი ინტერიერის განუყრელი ნაწილი გახდება. მათ აქვთ საშუალება, 2 დღეში დააბრუნონ ნახატი, თუ ფოტოსთან შედარებით მათი მოლოდინი არ გამართლდა. თუმცა, ამ ერთი წლის განმავლობაში, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. ყველა შემთხვევაში რეალური ნახატი მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.
მაიგალერისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია მხატვრებთან ურთიერთობა, რადგან სწორედ მათი საინტერესო ნამუშევრები ქმნის ჩვენს პლატფორმას საინტერესოს. ჩვენს ვებგვერდზე ნამუშევრების განსათავსებლად მარტივი ფორმის შევსებაა საჭირო. თუ ავტორის შემოქმედება ჩვენს ფასეულობებთან თანხვედრაშია, შემდეგ ვიწყებთ უკვე თანამშრომლობას. ვცდილობთ, მხატვრებთან ურთიერთობის მარტივი წესები გვქონდეს. ვზოგავთ იმ დროს, რაც მათ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარების ნაცვლად, შეუძლიათ თავიანთ შემოქმედებას დაუთმოს.
რაიმე კონკრეტული თემატიკის ირგვლივ ერთიანდება თქვენი შეთავაზება თუ აქ არაერთი მიმართულებით შევხვდებით ნახატებს?
“მაიგალერიზე” ახლა 900-მდე ნამუშევარია. ჩვენი უპირატესობა სწორედ ის მრავალფეროვნებაა, რაც ასობით ნახატის ერთ პლატფორმაზე განთავსებით არის მიღწეული. ამიტომ, არ ვარჩევთ ერთი რომელიმე ხაზის ან მიმართულების ქვეშ მოქცეულ ნამუშევრებს და უფრო მრავალფეროვან არჩევანს ვაძლევთ მომხმარებელს.
ყოველკვირეულად ვამატებთ ახალ ავტორებსა და ნამუშევრებს. აქ აუცილებლად იპოვით ისეთ ნახატს, რომელიც თქვენს ინტერიერს მოუხდება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ სტილშია ის გადაწყვეტილი.
დაინტერესებულ პირებს სხვა სერვისებს თუ სთავაზობთ?
ნამუშევრების ონლაინ გალერეასთან ერთად, “მაიგალერი” ატარებს ხატვის მასტერკლასებს. პირველი ხატვის მასტერკლასი წინანდლის ბაღში HR HUB-ის ღონისძიებაზე ჩატარდა. მასტერკლასის განმავლობაში მონაწილეები 1 საათის განმავლობაში ხატავდნენ მხატვრის, ნიკა ჯაფარიძის მითითებებით.
მონაწილეები მუშაობენ ტილოზე აკრილის საღებავებით, პროცესი ძალიან შთამბეჭდავია. ხელს უწყობს თანამშრომლების ერთმანეთთან უკეთ კომუნიკაციას, სტრესისგან გათავისუფლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ხატვის მასტერკლასები სხვადასხვა კომპანიისთვის, მათი განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით ტარდება.