უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა აცხადებს, რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე. უკრაინული მხარის მტკიცებით, კუნძულზე ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი.
ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთის სარდლობამ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით 1 მაისს გაავრცელა. კუნძულ ზმეინიზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ცნობები 27 აპრილსაც გავრცელდა – მაშინ უკრაინის სამხრეთის სარდლობა ამბობდა, რომ გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა-10“.
რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საიდანაც 24 თებერვალს, ზმეინის დამცველ უკრაინელ მესაზღვრებს დანებება მოსთხოვეს და პასუხად მიიღეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ…“, 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, “მოსკვა” შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რაკეტა „ნეპტუნ”-ით.