ქალბატონებისთვის ერთერთი მთავარი აქსესუარი შარფია. რაც უფრო განსხვავებული და ორიგინალურია დიზაინი, ისინი მეტად თავდაჯერებულები არიან. “მულინე” – გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს აბრეშუმის შარფებს მხატვრების მიერ შექმნილი, ექსკლუზიური ილუსტრაციებით და ნახატებით. დეტალებზე, “თბილისი თაიმსს” მაკო იმედაშვილი ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც არსებობს “მულინე”?
“მულინეს” დაარსების იდეა დიდი ხნის განმავლობაში მქონდა, პრაქტიკულად, საქმიანობა 2022 წლის იანვარში დავიწყეთ, სატესტო რეჟიმში. თებერვლიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ გაყიდვები.
(სიტყვა „მულინე“ ძველ ქართულად ნიშნავს “აბრეშუმის ძაფს”)
დეტალურად, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
ჩვენ ვაწარმოებთ აბრეშუმის შარფებს, რომლებიც ყველა ქალისთვის განსაკუთრებულ აქსესუარს წარმოადგენს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, იქმნება დიზაინი, შემდეგ ბიოსაღებავებით (ჯანმრთელობისთვის არასაზიანო) იბეჭდება მაღალი ხარისხის აბრეშუმზე.
საინტერესოა, საიდან გაჩნდა იდეა, შარფები მხატვრების მიერ შექმნილი ილისტრაციების საფუძველზე შეგექმნათ?
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა შეხება მსგავს პროდუქტთან. ვიცოდი ყველა დეტალი, როგორ მზადდებოდა, პროცესშიც გარკვეული ვიყავი. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა ჩემი გემოვნებით და დიზაინით, სხვადასხვა პრინტით აბრეშუმის შარფები. მეხმარება ჩემი და. რომელიც მხატვარია. ასევე, ჩემი მეგობარი ილუსტრაციებს ქმნის და ასე ერთობლივად ვქმნით დიზაინებს.
გარდა ამისა, რით გამოირჩევა თქვენი შარფები სხვებისგან?
თავიდანვე მინდოდა, რომ ჩვენი შარფები შინაარსით განსხვავებული ყოფილიყო. გადავხედეთ ბაზარზე არსებულ მსგავს მწარმოებლებს და ვეცადეთ, ისეთი თემატიკა აგვერჩია, რომელიც იქნებოდა განსხვავებული და მრავალფეროვანი. ჩვენი შარფები მოიცავს ქართულ მოტივებზე შექმნილ დიზაინებს, მაგალითად, როგორიც არის დედოფალი თამარი, ისე გადმოვიტანეთ შარფზე მისი ილუსტრაციები, რომ მორგებოდა თანამედროვე ეპოქასაც და მოერგოთ ყველანაირ სამოსზე. ასევე, ძველი ქართული ანბანი, ორნამენტები, კინტოს ილუსტაციები, აზიურ ელემენტებსაც ვურთავთ, ასევე, ხელით შესრულებული ნახატებიც გადაგვაქვს შარფებზე. ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ყველანაირი ტიპის ადამიანის გემოვნებას მოვარგოთ. ყოველთვის ვმუშაობთ ახალ დიზაინებზე, ასე რომ, ხშირად გვაქვს სიხალეები.
საინტერესოა, როგორია მომხმარებლის ინტერესი?
ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად, ქალბატონები არიან. მოგეხსენებათ, ყველა ქალის გარდერობში აუცილებლად არის მინიმუმ 1 შარფი მაინც, ასე რომ, დაინტერესება დიდია, როგორც დასაწყისშივე ვფიქრობდი, ძალიან აქტუალურია ქართული თემატიკის შარფები, ასევე, ჭრელი და ფერადი შარფებიც.
ქვეყნიდან თუ გაგაქვთ თქვენი პროდუქტი?
ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოში გვაქვს წარმადობა, მომავალში აუცილებლად ვფიქრობთ, გავიტანოთ საზღვებს გარეთ, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საფრანგეთთან და დიდი იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოვა და გავცდებით საზღვრებსაც.