მას შემდეგ, რაც ინდოეთმა თავისი ძირითადი მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა, საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი გაძვირდა. მაგალითისთვის, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ხორბლის საორიენტაციო ფასის ინდექსი თითქმის 6%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ BBC წერს.
ექსპორტის აკრძალვამდე, ინდოეთში, უკიდურესმა სიცხემ ნათეს ფართობებს ზიანი მიაყენა, რასაც თავად ამ ქვეყანაშიც, ხორბლის გაძვირება მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, ამ დრომდე, ის არ ყოფილა მთავარ ექსპორტიორთა შორის, რადგან ამ ქვეყანაში მოყვანილი მოსავლის უმეტესი ნაწილი შიდა ბაზრებზე იყიდება.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტზე პრობლემები შეიქმნა, მრავალი ქვეყანა სწორედ ინდოეთს განიხილავდა დეფიციტის შევსების საშუალებად.
აკრძალვამდე, ინდოეთში იმედოვნებდნენ, რომ წელს რეკორდული ოდენობის – 10 მილიონი ტონა ხორბლის გატანას შეძლებდნენ ექსპორტზე.
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაგმეს. „თუ ყველა დაიწყებს ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ან ბაზრების დახურვას, ეს კრიზისს გააუარესებს. მოვუწოდებთ ინდოეთს, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, როგორც დიდი ოცეულის წევრმა ქვეყანამ“, – აცხადებენ გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
დიდი შვიდეული მსოფლიოს უმსხვილესი, მოწინავე ეკონომიკური ორგანიზაციაა და აერთიანებს ქვეყნებს, რომლებიც დომინირებენ გლობალურ ვაჭრობასა და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში. ეს ქვეყნებია: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.