„მივიჩნევთ, რომ თუ ახლა სწორ ზომებს მივიღებთ, ადვილად შეგვიძლია მაიმუნის ყვავილის შეკავება“, – ამის შესახებ გლობალური ინფექციური საფრთხისთვის მომზადების საკითხებში, ჯანმოს დირექტორმა, სილვი ბრიანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაიმუნის ყვავილის გადაცემა ბევრად უფრო ნელია, ვიდრე სხვა ვირუსების, როგორიცაა კორონავირუსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამჟამად არ არის საჭირო მასობრივი ვაქცინაცია, თუმცა შესაძლებელია მიზნობრივი ვაქცინაცია.
მაიმუნის ყვავილი, როგორც წესი, მსუბუქი ვირუსული ინფექციაა. ის ენდემურია აფრიკის ქვეყნებში, თუმცა მისმა გავრცელებამ არაენდემურ ქვეყნებში, როგორიცაა ევროპა და აშშ, შეშფოთება გამოიწვია. ჯერჯერობით, 200-ზე მეტი დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა დაახლოებით 20 ქვეყანაში.