რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.“
შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.