საქართველოსთვის ღვინო უკვე ძალიან დიდი ხანია, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ყველამ კარგად იცის, რომ ის მსოფლიოში ჩვენი სამშობლოს ერთერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. თუმცა, თუკი დეტალებს უკვდავვყოფთ, ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Wine Diamond. ბრენდი მომხმარებელს ვერცხლის სამკაულებს სთავაზობს, ღვინის ქვისგან. დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ თამარ აბულაძე ესაუბრა.
რა პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს Wine Diamond?
Wine Diamond ქართული ბრენდია, რომელიც ღვინოს უკვდავებას ჩუქნის. ყოველი წლის მოსავალი სამუდამოდ შეინახება. ჩვენ ვამზადებთ ვერცხლის სამკაულებს ღვინის ქვისგან. ესაა სრულიად ახალი ტრენდი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ღვინის სამკაული, ქართული ღვინის ქვით, რომელსაც 8000-წლიანი ისტორია აქვს.
რა არის ღვინის ქვა?
ეს პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები „ტარტრატებს“ უწოდებენ, ღვინის მოყვარულები – „ღვინის ქვას“, ზოგიერთი კი – „ღვინის ალმასებს“ – სინამდვილეში ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია. ღვინის მჟავა კი ის მჟავაა, რომელიც ყველა ღვინოში ბუნებრივად ხვდება ყურძნიდან და, თავის მხრივ, განაპირობებს ღვინის სტრუქტურას, ბალანსს და არომატს. ამ კრისტალების წარმოქმნა ხდება ქვევრში, ბოთლში, ცისტერნაში, იმ დროს, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ისინი ალმასის კრისტალებს მოგვაგონებს, ხან ჭურჭლის ფსკერზე, ხანაც საცობზე იდებს ბინას და აღარასდროს იხსნება ღვინოში. როგორც ღვინის მჟავა, ასევე კალიუმიც, ღვინოში ბუნებრივად ხვდება. ის ძალიან სასარგებლო ელემენტია და რაც უფრო მდიდარია ღვინო კალიუმით, მით უფრო სასარგებლოა ღვინო.
რის გამო გაჩნდა იდეა?
მჭიდრო კავშირი მაქვს ღვინოსთან და Wine Diamond -ის გარდა მაქვს ბრენდი – Emocia Wines, სადაც იქმნება აქსესუარები და სამკაულები ასევე ღვინის თემატიკით. ღვინის ქვის შესახებ საკმაოდ დიდი ინფორმაცია მქონდა და ერთ დღესაც გაჩნდა იდეა, რა იქნებოდა, რომ ღვინო ჩამედო სამკაულში. ამის არავის სჯეროდა, რადგან ღვინის კრისტალები საკმაოდ არამყარია, შესაბამისად, მათი გამაგრება შეუძლებლად ეჩვენებოდათ. ამ წინააღმდეგობამ მიბიძგა,დამემტკიცებინა, რომ მე ამას შევძლებდი და, არაერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 2021 წელს პირველი ღვინის სამკაული შეიქმნა.
რა მიზანზეა ორიენტირებული ბრენდი?
ბრენდის მიზანია, მსოფიოში დაამკვიდროს სრულიად ახალი ტრენდი – ღვინის სამკაული. საქართველოში 525-ზე მეტი ენდემური ჯიშის ყურძენია, რომელთან დიდი ნაწილი საღვინედ გამოიყენება. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ჯიშის ყურძნისგან მიღებული კრისტალები მოვაგროვოთ. ეს მარაგები საკმაოდ ლიმიტირებულია და ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე წლის მოსავლის, ღვინის ქვის კოლეცია, რომელიც მართლაც ფასდაუდებელია. სამკაულები სხვადასხვა ჯიშის და წლის მოსავლის შედეგია და ანალოგი არ აქვს.
უმთავრესად, ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
ჩვენი მომხმარებელები არიან როგორ ღვინის, ასევე სამკაულის მოყვარულები, გარდა ამისა, ის ადამიანები, ვისაც გამორჩეული და ექსკლუზიური ნივთები იზიდავს. საკმაოდ კარგი გაყიდვებია როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ახლა ვგეგმავთ უფრო მეტი უცხოური ქვეყნის ბაზარზე შესვლას.
რის მიხედვით იქმნება ნამუშევრები?
ნამუშევრები მოსავლის წლისა და ღვინის ქვების ასორტიმენტის მიხედვით იქმნება. გვაქვს ძალიან ბევრი დიზაინის პროდუქტი, ყველა გემოვნების მქონე ადამიანისთვის. ყველაზე პოპულარული საქართველოს, ქვევრის და ღვინის ბოკალის ფორმის აქსესუარებია, რაც ღვინოსა და ჩვენს ქვეყანასთან ასოცირდება.
უახლოეს მომავლაში ვგეგმავთ საავტორო დიზაინის დამატებას.