„წელს გაზაფხული გაცილებით გვიან მოვიდა, მაისი იყო შედარებით ცივი. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ გველები გააქტიურებას. ამ პერიოდში, წელს ცუდი ამინდები მოუწია, სწორედ ამიტომ, აქტივობა იყო შედარებით ნაკლები, ბუნებაში ქვეწარმავლები ნაკლებად გვხვდებოდნენ. სხვა წლების სტატისტიკასთან შედარებით, გველების გამოჩენისა და მათთან შეხვედრის ფაქტი ბევრად ნაკლებია, შესაბამისად, ნაკლებია ჩვენ მიერ დაჭერილი გველების რაოდენობა“, – ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, რატი მამუკაშვილმა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა. მან ჩვენს ქვეყანაში ქვეწარმავლების აქტიურობის მხრივ არსებული მდგომარეობა შეაფასა.
მამუკაშვილმა მოქალაქეებს რჩევები მისცა, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ გველებს გადაეყრებიან.
„უპირველესი რჩევა ადამიანების მიმართ გახლავთ ეზოების გასუფთავება, საცხოვრებელი ტერიტორიების გაწმენდა სამშენებლო ნარჩენებისგან, ბალახის გათიბვა, რათა მათ მოვუსპოთ თავშესაფარი. შემდგომ საჭიროა ტერიტორიის შეწამვლა, რომელიც, დაახლოებით, 30 დღის განმავლობაში – ამინდების შესაბამისად მოქმედებს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ამ წამლებს არ აქვს 100 %-იანი ეფექტი და მისი დასხმა ყველგან არ შეიძლება. ამ შემთხვევაში, როდესაც ეზო გათავისუფლდება სამშენებლო ნარჩენებისგან, შემდგომ უნდა დაისხას ეს წამალი. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგირდი, საბურავების დაწვა და მსგავსი მეთოდები აბსოლუტურად არ არის ეფექტური. ამით გარემო კიდევ უფრო ბინძურდება.
საქართველოში ყველაზე შხამიანი გველია გიურზა. მას შემდგომ – ცხვირრქოსანა-გველგესლა, რომლის შხამიც გიურზას შხამთან შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია, თუმცა – მაინც მომაკვდინებელია. ისინი ქალაქში ნაკლებად არიან. არის შემთხვევები, როდესაც ქალაქშიც გვხვდებიან, მაგრამ ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან გიურზა არ არის აგრესიული და არ ახასიათებს გამოკიდება. როცა მას დავინახავთ, ორი-სამი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ, რომ ნელ-ნელა თვითონ მოძებნოს წასასვლელი. ასეა ყველა გველის შემთხვევაშიც. მას უნდა მივცეთ წასვლის საშუალება, რადგან მას ჩვენზე მეტად ეშინია. ის დატოვებს ტერიტორია და ჩვენ ვადევნოთ თვალი, თუ რა მიმართულებით წავა, რომ ჯგუფის მოსვლისას ვიცოდეთ, დაახლოებით, რა მიმართულებით წავიდა, რათა მათ ქვეწარმავლის პოვნა გაუმარტივდეთ. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი 0322 421 424“, – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.