ალბათ, ყველა დეტალისგან არის შესაძლებელი, შეიქმნას ხელოვნების ნიმუში, თუკი ის გონივრულად არის შერჩეული და ხელოვანს აქვს იდეა, რის გარშემოც მოქმედებს. დავით გოდელაძისთვის ქვის ხელოვნებას ძალიან საინტერესო საწყისი აქვს. შემთხვევით შექმნილმა ნამუშევარმა მას მისცა საშუალება, შეექმნა ისეთი „ამბები“, რომლებიც ადამიანებში დიდ აღტაცებას იწვევს და რომლებიც ცალსახად გამორჩეულია საკუთარი შინაარსითა და ისტორიით. „თბილისი თაიმსს“ დავითი თავად ესაუბრა.

ხელოვნების აშკარად გამორჩეული მიმდინარეობით ხართ დაკავებული – რამ გამოიწვია ინტერესი?
კი, ნამდვილად ბევრი აღნიშნავს, რომ ხელოვნებაში მსგავსი მიმდინარეობა აქამდე არ უნახავთ. უამრავი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს ყოველი ახალი ნამუშევრის მათთვის გაზიარება.
ქვის ხელოვნების შექმნა დავიწყე, დაახლოებით, 4 წლის წინ. ძალიან სპონტანურად და გაუაზრებლად მოხდა – ისე, რომ არც მიფიქრია, მომავალში ქვებით სიარულს დავიწყებდი. თბილისის ერთ-ერთ სკვერში დასვენებისას ფერადი ქვებით ავაწყე ადამიანის ფორმები და იმდენად მომეწონა ეს ქვები, სახლში წამოვიღე და ხის ფანერაზე გადმოვიტანე. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ქვის ხელოვნება.
როგორც აღვნიშნე, თვითნასწავლი გახლავართ. ყოველთვის რაღაც ახლის და განსხვავებულის ძიებაში ვარ. ვფიქრობ, სწორედ ამან აღმომაჩენინა ეს განსხვავებული მიმდინარეობა ხელოვნებაში.

რაიმე კონკრეტულად თემატიკაზეა მორგებული თქვენი ნამუშევრები?
ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. მაგ. კაფე, რესტორანი, სპორტი, მუსიკა, ბალეტი, ცხოველები, ფრინველები და ა.შ. თუმცა, ნამუშევრები, ძირითადად, სასიყვარულო თემატიკაზეა შექმნილი.

როგორ იქმნება თითოეული მათგანი?
მუშაობის პროცესი დიდ დროსა და შრომას მოითხოვს იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროა ჯერ ქვების მოძიება, შემდეგ – მათი გაშლა იმისათვის, რომ კარგად ჩანდეს თითოეული ქვის ზომა და ფორმა. შემდეგ მათი დალაგებაა საჭირო სამუშაო დაფაზე, რომელზეც ქვების მრავალი კომბინაცია უნდა მოისინჯოს, რათა ნამუშევრის საბოლოო სახე მაქსიმალურად დახვეწილი იყოს.

კიდევ რა ინტერესები გაქვთ ამ მხრივ?
გასულ წელს გაკეთდა ჯგუფური გამოფენა, სადაც ხუთ არაჩვეულებრივ ხელოვანთან ერთად მეც ვიღებდი მონაწილეობას. გასულ თვეს, ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით, მონაწილეობა მივიღე ბათუმში 4-დღიან გამოფენაში, სახელწოდებით “ექსპო-ბათუმი 2022”.
უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი გამოფენის გაკეთება, რომელსაც აუცილებლად ვამცნობ ქვის ხელოვნების მოყვარულებს.
Discussion about this post