“ბოლო წლების ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჭრილში, გაუმჯობესებულია და ჩვენ ახლა გვაქვს ინვესტიციების საკმაოდ სოლიდური ზრდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ევროკავშირზე მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი. ეს მისასალმებელია. პირველ ადგილზე გახლავთ ესპანეთი.
აღსანიშნავია რომ თუ ადრე უპირატესობა ენიჭებოდა საფინანსო სექტორს, მომსახურების სექტორს, ამჯერად, წინა პლანზე გადმოვიდა წარმოება, ენერგეტიკა და ა.შ. ანუ ის დარგები, სადაც კვლავწარმოების პროცესი არის ხანგრძლივი”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ექსპერტმა განმარტა, რადგან ინვესტორები ამ სფეროებში გამოხატავენ ინვესტიციების ჩადების მზადყოფნას, ნიშნავს, რომ ისინი ენდობიან საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილურობას და საკუთარ გეგმებს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში აკავშირებენ,
“იმავეს თქმა შეიძლება რეინვესტირების მაღალ მაჩვენებელზეც. საქართველომ გაისტუმრა ადრე აღებული სესხები და, მთლიანობაში, ქართული ბიზნესი ისე მყარად დგას ფეხზე, რომ საკუთარი მიმდინარე შემოსავლები გაისტუმროს ან ჩაანაცვლოს უცხოური ინვესტიციებით და საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარება. ყველა ამ პარამეტრით, პროგრესი სახეზეა.
რამდენიმე დღის წინ სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის გამოყოს, დაახლოებით, 280 000 000 დოლარამდე ე.წ. ბუფერული ტრანში. ეს ნიშნავს, რომ თუ, გარე ფაქტორების გათვალისწინებით, საფრთხე შეექმნება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს შეუძლია, ეს თანხა გამოიყენოს საკუთარი საბიუჯეტო სახსრების შესავსებად”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
Discussion about this post