პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში ნახსენები პირობების შესასრულებლად მზად არიან. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, რაზეც ევროკომისია საქართველოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში უთითებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ამ საკითხზე ბრიუსელიდან დამატებით განმარტებას მოითხოვს.
“დეოლიგარქიაზაციაზე კონსულტაციები გვექნება ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტების მისაღებად. თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ამ თემას ჩავუღრმავდებით. ეს პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა. მოდით ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გამოწვევა ნამდვილად არ არის, თუმცა ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორსაც სხვა დანარჩენს”,-აცხადებს ღარიბაშვილი.
იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება. ამას ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს.