„ყველაზე ხშირი ბავშვებში გავრცელებული თვალის დაავადებებიდან გახლავთ რეფრაქციული მანკები, ე.წ ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი“, – ამის შესახებ ოფთალმოლოგმა, მაკა ლორთქიფანიძემ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.
ოფთალმოლოგმა იმ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა, რომლებიც ადრეულ ასაკში მხედველობის დაქვეითებას უწყობს ხელს.
„აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ბავშვს აქვს ორთოპედიული პრობლემები, ალერგიული თუ სისტემური დაავადებები, აუცილებლად საჭიროებს დროულ ოფთალმოლოგის კონსულტაციას. ერთსა და იმავე მანძილზე ყურების დროს თვალი იღლება, თვალის ზედაპირი შრება, რაც შემდგომ იწვევს დისკომფორტს და აკომოდაციის სპაზმის განვითარება, რასაც მოჰყვება თავისა და თვალის ტკივილი. ხანგრძლივი სპაზმური მდგომარეობა არის მოზარდთა ახლომხედველობის განვითარების წინაპირობა. ციფრული მოწყობილობების გადაჭარბებული მოხმარება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მხედველობაზე, ასევე, ბავშვის განვითარებაზე. ძილის წინ და საღამოს საათებში ეკრანის გამოყენება არღვევს დღე-ღამის ბიოლოგიურ რიტმს, მონიტორის ცივი, ცისფერი ნათება თვალის ბადურას აძლევს სიგნალს. კვლევებით დადგენილია, რომ ბლოკავს მელატონინის – ძილის ჰორმონის გამომუშავებას“, – განაცხადა მაკა ლორთქიფანიძემ.